LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მენაბდე: BREXIT-ს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე გავლენა არ ჰქონია

121

დიდი ბრიტანეთის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, BREXIT-ს, საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე გავლენა არ ჰქონია – ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მიმართულების მმართველმა დირექტორმა ირაკლი მენაბდემ CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ვფიქრობ, ორ ძირითად საკითხს უნდა შევეხოთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უცხოელ ინვესტორთათვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ამაზე მიუთითებს 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით გაორმაგებულია. რაც შეეხება უშუალოდ BREXIT-ის ფაქტორს, მოგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანული ბიზნესები მრავალი წელია წარმატებით ოპერირებენ და, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რეფერენდუმს არანაირი გავლენა არ ექნება არც ხსენებულ ბიზნესებზე და არც ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა რასაკვირველია, საქართველოდან ვაკვირდებით პროცესის განვითარებას და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობის ის ოპტიმალური პლატფორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდება“, – განმარტა მენაბდემ.

ინტერვიუს მსვლელობისას, ირაკლი მენაბდემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეც ისაუბრა. CNBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რამდენად მიმზიდველია ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის, მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა დატოვა გაერთიანება, ირაკლი მენაბდე მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს აქტიურად გააგრძელებს.

„ევროკავშირთან ძალიან საინტერესო ურთიერთობები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აქტიურად გააგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ასოცირების შეთანხმების უნიკალური კომპონენტია, რომელიც ევროკავშირთან განსაკუთრებული პარტნიორობის საშუალებას გვაძლევს. შეთანხმების შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო სტრუქტურულ რეფორმას, რათა მაქსიმალურად თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის რეგულაციებთან. ეს არის სწორი გზა ქვეყნის განვითარებისთვის და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, რათა მოხდეს პროდუქციის და მომსახურების ექსპორტისთვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. მაგრამ, რაც მთავარია ეს პარტნიორობა გვაძლევს გადასახადებისგან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას მრავალი ქვეყნისგან შემდგარ ბაზართან, რომელიც ჩვენთვის DCFTA-ს წყალობით ერთიან სავაჭრო სივრცედ იქცა“, – განაცხადა ირაკლი მენაბდემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g