LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამნაშავეები თუ პოლიტპატიმრები: 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები ისევ საპატიმროებში რჩებიან

461
An opposition demonstrator stands in front police line at Georgian Parliament to call for the resignation of the speaker of the Georgian Parliament in Tbilisi, Georgia, Friday, June 21, 2019. Police have fired a volley of tear gas at a massive throng of protesters outside the Georgian national parliament, who are trying to storm the building and are demanding the government's resignation.(AP Photo/Zurab Tsertsvadze)

ბოლო თვეებია „სირცხვილია“ საზოგადოების პროტესტის მთავარ გამომხატველ სიტყვად იქცა. რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეები სამ თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან. “ერთად ერთის წინააღმდეგ!” – სლოგანი უცვლელია. ხელისუფლების მიერ უყურადღებოდ დატოვებული პროტესტის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულებაა.

20 ივნისიდან დღემდე ბევრი რამ მოხდა. „გავრილოვის სისხლიანმა ღამემ“ ბევრი დაშავებული და დაკავებული ადამიანი დაგვიტოვა: აქციის დარბევის შემდეგ 217 დაშავებული ადამიანი კლინიკებში მოათავსეს (აქედან 80 დაშავებული პოლიციელი იყო).

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით მედიის 33 წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით მას შემდეგაც ესროდა, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ღამის შემდეგ ადმინისტრაციული წესით სულ 342 ადამიანი დააკავეს, 121 ადამიანს კი პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელი მდგომარეობით 19 დემონსტრანტი პასუხისგებაში არის მიცემული. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არც ერთი პოლიციელის მიმართ არ დამდგარა. მხოლოდ ორი პოლიციელისა და ერთი სპეცრაზმელის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით განხორციელდა.

აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, თუ ვისმა დანაშაულმა გამოიწვია არეულობა და დაპირისპირება. გამოძიება დიდი ხანია დაწყებულია. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების დიდი ნაწილი გამოძიებას ვერ ენდობიან. მათი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა 20 ივნისის გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის მიმართულებით საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო.

სახალხო დამცველის აპარატი განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება. უწყებამ აქციის დაშლის საქმის შესწავლა 2 ივლისიდან დაიწყო. გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებითა და პროფესიული წრეებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭო შექმნა. მათი თქმით, გამოძიების მიზანი 20-21 ივნისის აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერების, ასევე მისი განხორციელების ლეგიტიმურობის დადგენა უნდა იყოს. საბჭოს განცხადებით, გამოძიება არ უნდა წარიმართოს მხოლოდ შსს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.

საქმის მასალების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 35 ვიზიტი განახორციელეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ისინი გამოკითხვის მასალებს ეცნობიან და დოკუმენტაციას სწავლობენ. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე 550-ზე მეტი მოწმე გამოკითხა. მათ შორის შსს-ს ის თანამშრომლები, რომლებიც, მათივე თქმით, რეზინის ტყვიებს შესაბამისი ბრძანების გარეშე საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისროდნენ. სახალხო დამცველის აპარატი ცდილობს დაადგინოს, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას ასეთ ქმედებაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება.

უწყებამ პროკურატურას დამატებითი წინადადებებით უნდა მიმართოს. მათ შორის იქნება იმ რაციებისა და საკომუნიკაციო საშუალებების ჩანაწერების ამოღების რეკომენდაცია, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო პროცესში. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, ჯერჯერობით მხოლოდ მმართველი რგოლის მიერ გაცემული ბრძანებებია ამოღებული.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის ღამის აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. მათ ჯგუფურ ძალადობაში და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტში შეჭრის მცდელობაში ედებათ ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულები თავად არიან დაზარალებულები. რამდენიმე მათგანი დარბევის ღამეს ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა.

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, აღკვეთის ფორმად წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

მძიმეა ერთ-ერთი დაკავებულის, 30 წლის ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რათა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5-ათას ლარიანი გირაოთი და შინაპატიმრობით შეეცვალათ. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
ლევან ჯიქური, რომელიც სასამართლო პროცესს ეტლში მჯდომი ესწრებოდა აცხადებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა საპატიმრო დაწესებულებაში სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

ასევე დაკავებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე წაუყენეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. მორის მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მორისის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია და მისი დაკავების რეალური მიზეზი ბიძამისის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ორგანიზებით მიმდინარე აქციებში მონაწილეობაა.

დაკავებულების უფლებებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგებო ანგარიშს ამზადებს, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდება. საიას განმარტებით, ანგარიშში წარმოდგენილი იქნება მოვლენების ობიქეტური შეფასება.

დაკავებულების მხარდამჭერები და ოჯახის წევრები წაყენებული ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ისინი საზოგადოებას უსამართლობის წინააღმდეგ აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, დაკავებულები ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტპატიმრები არიან.

მომდევნო სასამართლო სხდომა, 8 ოქტომბერს გაიმართება, სადაც დაცვის მხარეს მოუსმენენ. როგორ განვითარდება მოვლენები რთული სათქმელია, თუმცა პროტესტი გრძელდება და საზოგადოების ნაწილი არსებულ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებს.

 

სალომე გაზდელიანი

mazda magti 5g