LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მესხიშვილი: ”საგზაო უსაფრთხოების კუთხით რეფორმებია გასატარებელი”

92

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავტოსაგზაო შემთხვევებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  32%-ით გაიზარდა ქვეითად მოსიარულეთა დაშავების რაოდენობა. რაც შეეხება ბავშვთა ტრავმატიზმსა და სიკვდილიანობას, ის 28%-ით არის გაზრდილი. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დასახიჩრდა 10 000-ზე მეტი ადამიანი. მისი თქმით, საქართველო გარდაცვლილთა და დაშავებულთა ამ მაჩვენებლით ევროპაში იკავებს პირველ ადგილს.

დავით მესხიშვილი საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს. კერძოდ,

  1. გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უუნარო და უმოქმედო ხელმძღვანელი პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკაზე და რომელთაც ევალებათ მგზავრთა მძღოლთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ეს სისტემა არის კომუნისტური კორუფციული ნარჩენი და არ არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. სისტემაში უნდა გატარდეს ძირეული თანამედროვე რეფორმები.
  2. ამ ბაზაზე უნდა შეიქმნას მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ევროდირექტივების დანერგვაზე. ასევე პრიორიტეტად დაისახავს ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული პუნქტების იმპლემენტაციას.
  3. გადამზადნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტების მიერ საგზაო მოძრაობის დარეგულირების სფეროში და უსაფრთხოების საკითხებში. საპატრულო პოლიციამ აღასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაიწყოს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება.
  4. ვინაიდან ყოველი მეოთხე ავტომობილი ავტომაგისტრალზე აჭარბებს სიჩქარეს 130 კმ/სთ-ზე და ამავე დროს ვიცით, რომ სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის სიჩარის გადაჭარბება, უნდა გამკაცრდეს სანქცია სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე, სავალდებულო უნდა გახდეს მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის სიჩქარის ჩამწერი ტაქოგრაფების გამოყენება.
  5. სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ტექდათვალიერების ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებენ, ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (ავტობუსები, მიკროავტობუსები) კორფუციულად გადიან ტექდათვალიერებას.
  6. ყველა მუნიციპალიტეტისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
  7. უნდა დადგინდეს „შავი წერტილები“ ქვეყნის მასშტაბით და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის ძირითადი მიზეზები უნდა შეისწავლონ კომისიური წესით სხავადსხვა დარგის ექსპერტების ჩართულობით და შესწავლა უნდა მოიცავდეს გზის საფარს, საგზაო ნიშანს, მონიშვნას და სხვა გარემო პირობებს“, – განაცხადა მესხიშვილმა.
magti 5g