საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას ეხმაურებიან.
მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, აღნიშნულია, რომ გადაჭარბებული სიჩქარე საქართველოში სიკვდილიანი საგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, არსებული პრაქტიკა ვეღარ ჰპასუხობს საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს და აუცილებელია სიჩქარის მართვისა და ქულათა სისტემის კომპლექსური რეფორმა.
ამასთან, როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ტრაგედიების შემცირება შეუძლებელია მხოლოდ ფულადი სანქციების მეშვეობით, ვინაიდან მოქმედი ფინანსური სანქციები ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი დარღვევების ეფექტიან პრევენციას. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 114 – სიჩქარის გადაჭარბების გამო. ამასთან, დაფიქსირებული 1.8 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმის მიუხედავად, მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო მხოლოდ 560 მძღოლს შეუჩერდა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით ვიდეოჯარიმებზე ქულები არ აკლდება.
„საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები კვლავ ერთ-ერთ უმწვავეს საზოგადოებრივ გამოწვევად რჩება. მხოლოდ 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა 8,191 და დაიღუპა 469 ადამიანი. მათგან 114 ადამიანის სიცოცხლე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას ემსხვერპლა, რაც ნათლად მიუთითებს, რომ გადაჭარბებული სიჩქარე საქართველოში სიკვდილიანი საგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია
განსაკუთრებით საგანგაშოა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მდგომარეობა. 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 164 ფეხით მოსიარულე დაიღუპა. აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიჩქარის მართვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის ყველაზე დაუცველი მონაწილეების სათანადო დაცვას.
2025 წელს ქვეყანაში სულ 3,332,037 ვიდეოჯარიმა გამოიწერა, საიდანაც 1,811,033, ანუ დაახლოებით 54.4%, სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჯარიმების ნახევარზე მეტი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება, მოქმედი კანონმდებლობით ვიდეოჯარიმებით გამოვლენილ დარღვევებზე ქულების დაკლება არ ხდება. შედეგად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის პასუხისმგებლობა, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ფულადი სანქციით შემოიფარგლება.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი დარღვევების ეფექტიან პრევენციას, რადგან ფინანსური სანქცია არ წარმოადგენს საკმარის შემაკავებელ ფაქტორს იმ მძღოლებისთვის, რომლებიც სისტემატურად არღვევენ სიჩქარის რეჟიმს და მრავალჯერადი ჯარიმების გადახდის მიუხედავად კვლავ აგრძელებენ მაღალი სიჩქარით გადაადგილებას.
ამ პრობლემას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ოფიციალური სტატისტიკა – 2025 წელს მართვის უფლება ქულათა სისტემის ამოწურვის გამო მხოლოდ 560 მძღოლს შეუჩერდა, მაშინ როდესაც წლის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბების 1.8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მიგვაჩნია, რომ არსებული პრაქტიკა ვეღარ ჰპასუხობს საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს და აუცილებელია სიჩქარის მართვისა და ქულათა სისტემის კომპლექსური რეფორმა.
კერძოდ:
• ვიდეოჯარიმებით გამოვლენილ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ქულების დაკლების მექანიზმი;
• უნდა გაუქმდეს ყოველი წლის დასაწყისში ქულების ერთდროული განულების პრაქტიკა და დაინერგოს მცოცავი ქულათა სისტემა, რომლის მიხედვითაც თითოეულ დაკლებულ ქულას ექნება 12-თვიანი მოქმედების ვადა და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ აღდგება. აღნიშნული მოდელი წარმატებით გამოიყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაში და უზრუნველყოფს მძღოლების გრძელვადიან პასუხისმგებლობას;
• უნდა შემცირდეს სიჩქარის კონტროლისას მოქმედი ტოლერანტობის ზღვარი და განისაზღვროს არაუმეტეს 10 კმ/სთ-ისა მაგისტრალებზე, ხოლო არაუმეტეს 5 კმ/სთ-ით დასახლებულ ტერიტორიებზე, რაც გააძლიერებს სიჩქარის კონტროლის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევებისა და მათი სიმძიმის შემცირებას;
• უნდა შემცირდეს დასახლებულ ტერიტორიებზე მოძრაობის საერთო სიჩქარის ლიმიტი მოქმედი 60 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე. აღნიშნული ცვლილება სრულად შეესაბამება ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, სადაც დასახლებულ ტერიტორიებზე მოძრაობის საერთო სიჩქარის ლიმიტი, როგორც წესი, 50 კმ/სთ-ს შეადგენს. ამასთან, საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე პოლიტიკა ევროპის მრავალ ქვეყანაში და ქალაქში კიდევ უფრო შორს მიდის და მაღალი საფრთხის მქონე ქუჩებსა და საცხოვრებელ უბნებში ეტაპობრივად ინერგება 30 კმ/სთ-იანი სიჩქარის რეჟიმი, რაც ადასტურებს, რომ საერთაშორისო ტენდენცია სიჩქარის შემდგომი შემცირებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გაძლიერებისკენ არის მიმართული.
სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ტრაგედიების შემცირება შეუძლებელია მხოლოდ ფულადი სანქციების მეშვეობით. აუცილებელია ისეთი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრევენციული მექანიზმების დანერგვა, რომლებიც მძღოლების ქცევაზე რეალურ გავლენას მოახდენს, შეამცირებს განმეორებითი დარღვევების რაოდენობას და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგზაო მოძრაობის ყველა, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი მონაწილეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სიჩქარის მართვის პოლიტიკისა და ქულათა სისტემის რეფორმა, ვიდეოჯარიმებით გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები სრულად დააკავშიროს ქულათა სისტემასთან, დანერგოს მცოცავი ქულათა სისტემა, შეამციროს სიჩქარის კონტროლისას მოქმედი ტოლერანტობის ზღვარი და დასახლებულ ტერიტორიებზე მოძრაობის საერთო სიჩქარის ლიმიტი 60 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე შეამციროს. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს სიჩქარის გადაჭარბების ეფექტიანი პრევენციისთვის, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.
განცხადებას უერთდებიან: ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“; „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“; „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, – აღნიშნულია საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
