LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება “სკორპიონსის” კონცერტზე დასასწრები ბილეთები და როდიდან შეძლებთ მათ ყიდვას

113

მსოფლიო როკლეგენდები, ჯგუფი “სკორპიონსი” საქართველოში ჩამოდის. ისინი “ბლექ სი არენაზე” 20 აგვისტოს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა “Return to Forever”, შეკვეთილის დარბაზში კონცერტს გამართავენ. ამის შესახებ დღეს უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი პრესკონფერენციაზე, რომელიც დარბაზის მენეჯმენტმა სასტუმრო “რუმსში” გამართა.

როკანსამბლმა მსოფლიო შოუბიზნესში ათეულობით წლის განმავლობაში მუსიკალური მიღვაწეობისას, 18 სტუდიური ალბომი გამოსცა და 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. მათი ყველაზე ცნობილი ჰიტია “Wind of Change”, რომელიც თავისუფლების ჰიმნად იქცა.

ჯგუფი სცენაზე მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და საქართველოში მსმენელი სწორედ იმ პროგრამას მოისმენს, რომელიც მსოფლიო ტურნესთვისაა განკუთვნილი.

ერთი საინტერესო დეტალი – ჯანმრთელობის პრობლემის გამო “სკორპიონსის” დრამერს ჯეიმს კოტაკს ჯგუფ “მოტორჰედის” დრამერი, მიკი დი ჩაანაცვლებს.

ჯგუფი ბათუმში 19 აგვისტოს ჩამოფრინდება. პროდაქშენი 40-კაციანია, ჯგუფის წევრები პირადი თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან, კიდევ ერთი, სატვირთო თვითმფრინავი საჭირო ინსტრუმენტებს და ე.წ. ბექლაინს ჩამოიტანს.

ბილეთები 28 ივლისიდან tkt.ge-ზე გაიყიდება. ფასი 40 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. “გოლდენ რინგის” დასადგომ ბილეთს 50 ლარად, ხოლო ვიპ ბილეთს – 100 ლარად იყიდით.

როკის მოყვარულებისთვის ეს დიდი მოვლენაა. “სკორპიონსის” ლიდერი კლაუს მაინე საუკეთესო როკვოკალისტადაა მიჩნეული, ჯგუფის შემოქმედებას საქართველოში ძალიან კარგად იცნობენ.
“სკორპიონსი” შესანიშნავ ფორმაშია და მელომანებს გრანდიოზულ სანახაობას ჰპირდება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები