რატომ არ არის თბილისში საკმარისი საპარკინგე ადგილები და აკონტროლებს თუ არა მერიის ზედამხედველობის სამსახური ე.წ. სტაიანშიკების მიერ უკანონოდ მითვისებულ საპარკინგე ადგილებს, – როგორც ”ფორტუნას” ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განუცხადა, ვითარება ამ კუთხით უკონტროლოა.
მისი ინფორმაციით, დედაქალაქში 32 ათას 600 პარკირების ადგილია, საიდანც 2 ათასი ადგილი გამოყოფილია ტროტუარზე. რაც შეეხება ავტომობილების რაოდენობას, დედაქალაქში მათი ციფრი 400 ათასია, ამიტომ გამოდის, რომ პარკირების ერთ ადგილზე 13 ავტომობილი მოდის.
”ამას ართულებს ის მდგომარეობა, რომ პარკირების ადგილები უკანონოდაა მიტაცებული, მაგალითად, ”სტაიანშიკების” მიერ, რომლებიც ფულს გძალავენ, ან ტაქსები დგანან ან რომელიმე კერძო პირი დადგამს რკინას და შემოსაზღვრავს. დაახლოებით 20% დაკავებულია სრულიად უკანონოდ. წესით ამით მერიის ზედამხედველობის სამსახური უნდა ინტერესდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეაქცია არ აქვს. თუ ამას არ აკეთებს, მაშინ რაღაში გვჭირდება ზედამხედველობის სამსახურის მთელი აპარატი? ამ პარკირების ადგილებზე ხელოვნური კონსტრუქციებია დადგმული, მითვისებულია რკინის ბოქლომით და პრაქტიკულად, საჯარო და ყველასთვის გამოსაყენებელი ადგილი მითვისებულია. ბუნებრივია, ზედმახედველობის სამსახური უნდა აკონტროლებდეს ამას, თუმცა საინეტერსოა, საერთოდ რეაგირება ჰქონია თუ არა ასეთ ფაქტებზე თბილისის მერიას” – განუცხადა ”ფორტუნას” მესხიშვილმა.
მისივე თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ საპარკინგე ადგილები ”სითი პარკს” ეკუთვნის მცდარია – ის თბილისის მერიის საკუთრებაშია და სწორედ მერია განსაზღვრავს ტერიტორიას, სადაც უნდა მოხდეს პარკირება. “სითი პარკი” არის მხოლოდ მომნიშვნელი, რომელიც ხაზავს მონიშვნას და აყენებს საგზაო ნიშანს.
”როგორც წესი თბილისის მერი დავით ნარმანია ამბობს, რომ უნდა შეწყდეს ავტომობილების გატაცება, მაგრამ საგზაო ნიშანს – ”დგომა/გაჩერება აკრძალულია”, საიდანაც შემდგომ ხდება უკვე ავტომობილების ევაკუაცია, აყენებს თბილისის მერია” – აღნიშნა მესხიშვილმა.
მისივე განმარტებით, დღესდღეობით ”სითი პარკის” ვალდებულება არის, რომ ტერიტორიები რომლსაც განუსაზღვრავს მერია, დახაზოს და აღჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, დაამყაროს წესრიგი პარკირების მიმართულებით. სხვა პასუხისმგებლობა მათ ამ ეტაპზე არ აკისრიათ.
”რაც არ მომწონს ამ კომპანიის მუშაობაში არის ის, რომ ”სითი პარკს” შეუძლია იყოს უფრო მეგობრული მძღოლთან და არა ასეთი შემტევი. ან ჰქონდეს შეფასების სისტემა, როცა გადახდის პერიოდი აღწევს. რაღაც უფრო თანამედროვე სერვისს შევთავაზებდი მძღოლებს” – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
რაც შეეხება დედაქალაქის მერიას, უწყებაში აცხადებენ, რომ ზედამხედველობის სამსახური პარკირებების ადგილს მკაცრად აკონტროლებს და დღის განმავლობაში რამდენიმე გაფრთხილებას იძლევა. როგორც ”ფორტუნას” მერიაში განუცხადეს, პროცედურა არის ასეთი – თუ ზედამხედველობის სამსახურმა უკანონოდ შემოსაზღვრული საპარკინგე ადგილი ნახა, აღმოჩენისთანავე მიმთვისებელს აძლევს გაფრთხილებას და მეორე დღეს ამოწმებს, შესრულდა თუ არა მითითება.
”თუ ეს ასე არ მოხდა, ზედამხედველობის სამსახური აჯარიმებს, შემდეგ ადგენს ოქმს და უგზავნის სასამართლოს. თუმცა, როგორც წესი, მეორე დღეს კონსტრუქცია აღებულია ხოლმე. შემდეგ თუ იგივე ფაქტი ისევ განმეორდა, თავიდან იწყება გაფრთხილების პროცესი”- განუცხადეს ”ფორტუნას” მერიაში.
კითხვაზე – დაახლოებით რამდენი ასეთი ფაქტი გამოავლინა და აღკვეთა მერიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უწყებაში განაცხადეს, რომ ეს არის პერმანენტული პროცესი და დღის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურმა შესაძლოა, რამდენიმე გაფრთხილებაც კი გასცეს.
”თუ თქვენც გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტული პარკირების ადგილის შესახებ, რომლიც უკანონოდაა შემოსაზღვრული, მოგვაწოდეთ მისამართი და ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ,” – განაცხადეს დედაქალაქის მერიაში.