რუსმა სამხედროებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოჩნდნენ და რკინის დამონტაჟებულ ძელებზე ღობის მონტაჟი დაიწყეს.
„შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას დღეს გამოჩნდნენ. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიტანეს ლითონის ბადეები. აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე“, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ უკანონო სადემარკაციო სამუშაოები სოფელ ატოცში რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყეს. შეჩერებული სამუშაოები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს ისევ განაახლეს.