ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” „ქართული ხმების ტრიო” – დათო კიკაბიძე, ზურა და გიო ბაკურაძეები სტუმრობდნენ, მათ ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებაზე, ბავშვთა სტუდიაზე და 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. გადაცემის მიწურულს ყველასთვის საყვარელი სიმღერის „ჩემი თბილისის საღამო” ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა.
როგორ ემზადებით ქართული ხმების საიუბილეო თარიღისთვის?
25 წელი გვისრულდება , ნამდვილად ღირშესანიშნავი თარიღია და ის რაც მთელი ცხოვრება ვაკეთეთ ნამდვილად ღირდა ამად. ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს, პარალელურად გასტროლები, ახლახან ჩამოვედით ვილნიუსიდან, სადაც თბილისობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვიყავით მიწვეული, შემდეგ გურჯაანში ღვინის ფესტივალზე ვიყავით. ახლა უკვე ჩაწერების რეჟიმზე გადავდივართ, მუშა პროცესში ვართ, გვინდა ღირსეულად წარმოვჩინდეთ 25 წლის იუბილეზე და ვცდილობთ ფიზიკურადაც 25 წლის ახალგაზრდებს ვგავდეთ.
ახალგაზრდა თაობას ზრდით და აყვარებთ გემოვნებიან მუსიკას…
ჩვენი სტუდიის ბავშვებს ხალხურ სიმღერებს, გალობას და ქალაქურ რეპერტუარს ვთავაზობთ, ქართული ხმების რეპერტუარის მიმართულება გვაქვს აღებული ძირითადად, ძალიან კარგი ბავშვები მოდიან და ჩვენც ვცდილობთ, რომ ღირსეულმა თაობებმა გაგრძელონ ქართული ხმების ისტორია. რამდენიმე ჩვენმა აღზრდილმა უკვე სოლოკარიერა დაიწყო და ჟანრობრივად ქართული ხმების ხაზს მისდევენ, რაც ძალიან სასიამოვნოა.
საიუბილეო კონცერტზე მოგვიყევით, როგორი რეპერტუარი იქნება?
რეპერტუარზე სწორედ ახლა მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ დეტალებს არ გავამხელ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გესტუმრებით და ყველაფერს მოგიყვებით.
ყველა დიდი კომპოზიტორის სიმღერას გავაჟღერებთ, ძალიან ბევრი სიახლე ელოდება მაყურებელს, ორკესტრის თანხლებით შევასრულებთ ჩვენს როგორც ძველ და ბევრისთვის საყვარელ, ასევე ახალ სიმღერებს. სავარაუდო თარიღად დეკემბერს ვფიქრობთ, ვნახოთ როგორ მოვასწრებთ.
საიუბილეო წლის ფარგლებში უკვე ჩავატარეთ კონცერტი ბათუმში, უახლოეს მომავალში თელავს და ქუთაისს ვესტუმრებით.
პრემიერა გვაქვს, მოგვიყევით ყველასთვის საყვარელი სიმღერის „ჩემი თბილისის საღამო” ახალ ვერსიაზე, საიდან გაჩნდა იდეა?
რეპეტიციაზე ბენდთან ერთად, სრულიად დუგეგმავად და სპონტანურად შევასრულეთ ეს სიმღერა, იქვე მოიხაზა და გაჩნდა იდეა რომ ჩაგვეწერა. ბრავო სტუდიაში მამუკა ბეგაშვილმა გააკეთა თავიდან ბოლომდე, ძალიან ლამაზი მუსიკა შექმნა და მადლობა მას, ნამდვილ შედევრებს ქმნის ეს ადამიანი.
მადლობა სტუმრობისთვის…
ქართული ხმების ტრიო – ჩემი თბილისის საღამო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქართული ხმების ტრიო – შავთვალა. Live
ქართული ხმების ტრიო – მუხამბაზი (შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია). Live
ქართული ხმების ტრიო. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. 14.10.2019. ვიდეო კოლაჟი
ქართული ხმების ტრიო – წვიმდა. Live
ფოტოები