LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარსელი – რჩევები მარსელში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

12117
მარსელი

ხმაურიანი, სამხრეთული, კაშკაშა – ეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქის ეტალონია, როგორიც წარმოგვიდგენია წიგნებიდან და ფილმებიდან. ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო პორტი, მსხვილი სამრეწველო ცენტრი და რიცხოვნობით მეორე ქალაქი საფრანგეთში; ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მარსელი – სუფთა ჰაერისა და რომანტიკის შერწყმის ადგილია. თუმცა დღევანდელი მარსელი ის აღარ არის, რაც სეზანის ნახატებზეა. მართალია დღემდე შემორჩენილია მრავალფეროვანი ბაზრები, მზეზე გასაშრობად გამოტანილი ზღვის პროდუქტები, მაგრამ ის ასევე არის სხვადასხვა კულტურის თავშეყრის ადგილი, ემიგრანტებით გადავსებული ქალაქი. მარსელში უფრო მეტი კომორელი აფრიკელია, ვიდრე თავად კომორის კუნძულებზე. მოკლედ, თუ გაინტერესებთ რეალური თანამედროვე ადამიანის ნამდვილი ცხოვრება, მარსელი მოგეწონებათ.

 

მარსელის რაიონები

ერთი შეხედვით ქალაქის დაგეგმარება პარიზისას მოგაგონებთ, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით საგრძნობ განსხვავებას იპოვით. ქალაქი 16 კვარტლად არის დაყოფილი, რომლის ნუმერაცია ისტორიული ცენტრიდან იწყება და მთავრდება ჩრდილოეთით ლესტაკის რაიონით, რომელიც ერთ დროს ცალკე დასახლებული პუნქტი იყო. მარსელელებმა ქალაქი ორ ნაწილად დაყვეს: შიდა (1-დან 7 კვარტლის ჩათვლით) დანომრილია საათის ისრის მიმართულებით; გარე – საწინააღმდეგო მიმართულებით.

მართალია მარსელი დედაქალაქს მოსახლეობის რიცხოვნობით ჩამოუვარდება, მაგრამ საერთო ფართობით მაინც 2.5-ჯერ აღემატება. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ქალაქის ტერიტორიის თითქმის ნახევარი კლდის გამო გამოუსადეგარია მშენებლობისთვის.

სამხრეთ კვარტლებში შეძლებული ბურჟუას სახლებია (ყველაზე პრესტიჟულია მე-7 და მე-8 ოლქი), ხოლო ჩრდილოეთ ნაწილს დიდი ხანია ცუდი სახელი აქვს. სწორედ აქ არის ცნობილი მარსელის „გეტო“. განსაკუთრებით საშიშია მე-13-14-15 ოლქები. კატეგორიული გაფრთხილებაა, რომ ამ უბნებში არ მიხვიდეთ, საჭიროების შემთხვევაში პოლიციასაც კი ვერ მიაწვდით ხმას.

გამონაკლისია მე-16 კვარტალი. ის წყნარი, გამწვანებულია და ძირითადად ეთნიკური ფრანგებითაა დასახლებული. იქ მდებარე პატარა პორტი და პროვანსული სახლები ტურისტებს იზიდავს, ქალაქიდან კი იქ მოსახვედრად უფრო მშვიდი ვარიანტი საექსკურსიო ავტობუსი ან წყლის ტრამვაია.

ტრანსპორტი

საქალაქო სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ განვითარებულია და თავს ართმევს მეგაპოლისის მოთხოვნებს. დატვირთვა მოდის მეტროს ორ ხაზზე, ტრამვაის ორ ხაზზე, ზღვის ტრამვაის რეგულარულ რეისებსა და თითქმის ასობით ავტობუსის მარშრუტზე. ყველას კომპანია RTM მართავს.

მეტრო
დიდი ზომის არ არის, მხოლოდ 28 სადგური, 36 შემადგენლობა და 20 კმ-ზე ოდნავ მეტი მანძილი. პირველი ხაზი ცისფრად არის მონიშნული, მეორე ხაზს წითლად აღნიშნავენ. ის სანაპიროს მიუყვება და პირველ ხაზს ორ ადგილზე კვეთს: Saint-Charles და Castellane. ყველაზე დატვირთულია Saint-Charles სადგური, სადაც არა მარტო მეტროს მეორე ხაზზე, არამედ სარკინიგზო ხაზზე TER გადაჯდომაა შესაძლებელი.

ავტობუსი
სწორედ ავტობუსებზე მოდის მთავარი დატვირთვა. უცხოელს ცოტა უჭირს ხოლმე ამ ქსელში გარკვევა, პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა შესაძლებელია RTM საიტის მეშვეობით – შეიძლება წინასწარ შეადგინოთ მარშრუტი და მიიღოთ ინფორმაცია. პიკის საათებში მარსელის ავტობუსს ჯობია თავი აარიდოთ, ისეა გადავსებული (თუმცა თბილისიდან ჩასულს რა უნდა გაუკვირდეს), მით უმეტეს, რომ ეს დრო „ჯიბის ქურდებისთვის“ საყვარელი პერიოდია.

წყლის ტრამვაი
ეს მოხერხებულია, თუ ძველი პორტიდან ლესტაკში მისვლა გინდათ (ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო გზაა მე-16 კვარტლამდე). მოძრაობის ინტერვალი მცირეა, ხოლო ერთი მიმართულებით ბილეთი 6 ევრო დაგიჯდებათ.

ბილეთის სახეობა და ფასი
ვარდისფერი ბილეთი 1.5 ევრო ღირს. ავტობუსში, მძღოლთან თუ იყიდით – 1.8 ევრო. 13 ევროდ შეძლებთ 10 მგზავრობის წიგნაკის ყიდვას. ბილეთი მოქმედია ყველა სახის სახმელეთო ტრანსპორტზე და საშუალებას იძლევა განუსაზღვრელი რაოდენობით გადაჯდეთ 1.5 საათის განმავლობაში (როგორც ჩვენთან).

ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია Pass XL – მოქმედებს 24 ან 72 საათი და ღირს 24 ან 31 ევრო.

 

Marseille City Pass

ქალაქის სტუმრებისთვის ტურისტულმა ოფისმა შეიმუშავა ბარათი City Pass.
ბარათი საშუალებას იძლევა უფასოდ იმგზავროთ ყველა სახის ტრანსპორტით, მათ შორის წყლის ტრამვაით. გარდა ამისა, ღირებულებაში შედის საზღვაო გასეირნება იფის ციხესიმაგრის მონახულებით, ექსკურსია ქალაქის ცენტრში ტურისტული მატარებლით (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით), ასევე ძირითად მუზეუმებში შესვლა.

City Pass ხელმისაწვდომია სამ ვარიანტში: 1 დღით (17 EUR), 2 (20 EUR) და 3 (41 EUR). 7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ბარათები სამჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ.

 

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ქალაქამდე

აეროპორტ პროვანსიდან მარსელამდე მისვლა შესაძლებელია შატლით, მატარებლით ან ტაქსით. მანძილი აეროპორტიდან ქალაქამდე 27 კმ-ია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცენტრში არ ხვდება, შეგიძლიათ მეტროს გაჩერებასთან ჩამოხვიდეთ და ასე მიხვიდეთ საჭირო ადგილამდე. ცუდი ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამით არ დადის და ღამით ჩაფრენის შემთხვევაში ან ტაქსით უნდა წახვიდეთ ან დილამდე მოიცადოთ.

ჯგუფური ავტობუსი აეროპორტი-მარსელი
ფასი: 8.6 ევრო
15-20 წუთი
შატლები აეროპორტის მესამე პლატფორმიდან გადიან. თითოეული ავტობუსი განსაზღვრული მიმართულებით მიდის, ამიტომ ჩასხდომამდე გაერკვიეთ სად უნდა მოხვდეთ და რომელს გაყვეთ. მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარულია სადგური Saint Charles. შატლში გათვალისწინებულია ტევადი საბარგული.

მატარებელი აეროპორტიდან მარსელში

ფასი: 5.1 ევრო
18-23 წუთი
აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს რკინიგზის სადგური Vitrolles Aeroport, აქამდე უფასოდ გადაგიყვანთ შატლი. მატარებელი ქალაქის ცენტრამდე არ მიდის, ის სადგურ Saint Charles-ზე მიგიყვანთ, სადაც მეტროში გადაჯდებით და მიხვალთ ცენტრში. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია სადგურზე სპეციალურ ავტომატებში.

ტაქსის მომსახურება დაახლოებით 90 ევროა.

 

Wi-Fi

კავშირის პრობლემა მარსელში ფაქტობრივად არ არის. სამივე ძირითად ოპერატორს (Buygues, Orange, SFR) 4G დაფარვის ქსელი გააჩნია.
თუ მაინც უფრო Wi-Fi-ის იმედად ხართ, არც აქ იქნება დიდი პრობლემა. სასტუმროების უმრავლესობა უფასო და შეუზღუდავ Wi-Fi-ს თავაზობს.
თუ სასტუმროში სიგნალი არასტაბილურია, ჯობს მისაღებში დასხდეთ.
უშუალოდ ქალაქში უფასო Wi-Fi-ს დაიჭერთ რესტორნებსა და სწრაფი კვების დაწესებულებებში. გარდა ამისა, ბაღებში, პარკებსა და მუზეუმებში უფასო წერტილებია.

 

სასტუმროები

ნიცასთან და კანთან შედარებით მარსელის ფასები დემოკრატიულობის ეტალონია. ტურისტულ სეზონშიც კი სამვარსკვლავიან სასტუმროში 50-80 ევროდ იშოვით ნომერს და თან ქალაქის ცენტრში. 4-ვარსკვლავიანები 140-250 ევროდ არის და ბევრს აუზიც აქვს ან ზღვის ხედითაა. 5-ვარსკვლავიანებში ერთიც არის და მეორეც და 340-660 ევრო ჯდება. ასეთი ფასები ცენტრალური კვარტლებისთვისაა (1-დან 5-მდე) დამახასიათებელი. აბა ჩრდილოეთ უბნებში როგორც ვთქვით არ უნდა წახვიდეთ.

 

 

შოპინგი

საყიდლების მოყვარული გვერდს ვერ აუვლის კანებიერის ქუჩას. ეს მარსელის პასუხია ელისეის მინდვრებისთვის. ის ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც ძველი მასილია (მარსელის წინამორბედი) ბერძნული კოლონია იყო. დღეს ის სახელგანთქმული მარკების ელიტური მაღაზიებისა და ბუტიკების ქუჩაა. მათ შორისაა „გალერეა ლაფაიეტის“ ფილიალი. ასორტიმენტი პარიზისას არ ჩამოუვარდება, არც ფასები.


რომის ქუჩა
ისეთ მოგზაურებს დააინტერესებს, ვინც ფულის თვლა იცის, მაგრამ ხარისხიც უნდათ. თუ ფასდაკლებების სეზონია, სასიამოვნოდაც გაოცდებით.

ხმელთაშუა ზღვის აუთენტური ნივთებისთვის კი ძვირიან ბუტიკებს ისევ ადგილობრივ ბაზრობებზე წასვლა ჯობს. მარსელში ასეთი ბლომადაა და მართლაც რომ უნიკალურ სუვენირებს ჩამოიტანთ.

ყველაზე საინტერესო ბაზარი სახელგანთქმული „ემაუსია“, რომელიც კარტონრიოს ბულვარზეა. ეს საქველმოქმედო ბაზრობა უფროა, რადგან სიმბოლურ ფასად გამოაქვთ ნივთები და შემოსულ თანხას უსახლკაროებსა და უმუშევრებს აძლევენ (ისინი „ემაუსში“ მოვაჭრეებადაც მუშაობენ).

უფრო ტრადიციულია Puces de Marseille, სადაც ასორტიმენტი ძალიან მდიდარია და ფასებიც მისაღები, მაგრამ იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ იქ ევროპელები ვერ ნახოთ.

შოპინგის განსაკუთრებული სახეობაა სუვენირების მაღაზიები. ძირითადი მასა თავმოყრილია ძველი პორტის სიახლოვეს.

 

კაფე და რესტორნები

საერთო ჯამში მარსელს გურმანებისთვის სამოთხეს ვერ ვუწოდებთ: Le Petit Nice – ერთადერთი რესტორანია, რომელსაც მიშლენის სამი ვარსკვლავი აქვს. იქაური ვახშმის ფასიც იკბინება, ერთ კაცზე 250 ევროს აღწევს.

იქვე მდებარე კონკურენტ რესტორანს L’Epuisette ერთი გასტრონომიული ვარსკვლავი აქვს, მაგრამ ფასებიც 2-3-ჯერ დაბალია და დახვეწილობასა და ბიუჯეტს შორის კარგი კომპრომისია.

თავად მარსელელები უფრო დემოკრატიულ დაწესებულებებს ირჩევენ. იქაურებში პოპულარულია Toinou. ის თევზსა და მოლუსკებზე სპეციალიზდება (საფრანგეთში ხატოვნად „ზღვის ხილს“ უწოდებენ). 8 ცალი ხამანწკა 8-10 ევრო დაგიჯდებათ.

ვისაც მიდიები და ზღვის პროდუქტები გულზე არ ეხატება, მარსელში არის განსაკუთრებული რესტორანი. La Côte de Boeuf-ის მენიუში მხოლოდ ხორცის კერძებია, თანაც ცეცხლზე მომზადებული. სადილის ფასი 30 ევროდან იწყება, ვახშამი – 45 ევროდან.

ადგილობრივი მარსელელები პიცაზე გიჟდებიან. უამრავი პიცერიაა და ფასებიც განსხვავებულია, მაგრამ დანაყრება 8-10 ევროდ შეიძლება. ბევრად იაფი დაგიჯდებათ თუ საჭმელს თან წაიღებთ და პარკში მოიწყობთ პიკნიკს.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

მარსელში ყოფნისას ვერაფრით ვერ ასცდებით ძველ პორტს. ის მუდამ გაცხოველებულია დღისით და ღამით, გამოხატავს საფრანგეთის „სამხრეთ კარიბჭის“ სულს. აქ განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლა, მეთევზეთა ნავების ფაციფუცის ყურება გამთენიისას, ხოლო დღისით სანაპირო რესტორნებში წახემსება.

თუ ძველი პორტი მარსელის სულია, მისი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ბაზილიკა ნოტრ-დამ-დე-ლა-გარდი 11-მეტრიანი ღვთისმშობლის ქანდაკებით – ქალაქის ულაპარაკო სიმბოლოა, ისეთივე ცნობადი როგორც ეიფელის კოშკი. მარსელის ტაძარი ყველაზე პოპულარულია ტურისტებში: მოგზაურებს არა მარტო უნიკალური არქიტექტურა იზიდავთ, არამედ განსაცვიფრებელი ხედები ქალაქის ყველაზე მაღალი ბორცვიდან.

 

მარსელის საკათედრო ტაძარი მეტოქეობას უწევს ნოტრ-დამ-დე-ლა-გარდს. ის შედარებით ახალია (მე-19 საუკუნე), მაგრამ საოცარი არქიტექტურული ღირსებები აქვს – ორგანულადაა შერწყმული რომანული და ბიზანტიური სტილი. სოლიდური ზომების მიუხედავად, ტაძარი დახვეწილი და მსუბუქი ჩანს, რაც ორიგინალური თეთრ-მწვანე მარმარილოს მოპირკეთების დამსახურებაა.


ციხესიმაგრე იფი

აბეზარი მეზობელი – ასე შეარქვა მოსახლეობამ იფის ციხესიმაგრეს, მათ არ მოწონდათ, რომ ქალაქთან ახლოს მდებარეობდა. ის 1524-1531 წლებში საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I ბრძანებით ააგეს, რომელიც განკუთვნილი იყო ზღვიდან თავდასხმის მოსაგერიებლად და გახდა საშინელი ციხე. ცხადია, ყველაზე ცნობილი ისტორია ედმონ დანტესს უკავშირდება დიუმას „გრაფი მონტე კრისტოდან“.
დახურვიდან 10 წელიწადში 1890 წელს იფის ციხესიმაგრე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ფაროს სასახლე
ააგეს XIX საუკენეში ნაპოლეონ III ბრძანებით მისი მეუღლესთვის, ამჟამად შენობა ქალაქის ხელისუფლებას ეკუთვნის. სასახლე დგას პირდაპირ ზღვასთან.

ქალაქის რატუშა
XVII საუკუნის შუაწელს ააშენეს. გაუთავებელ რევოლუციებს სასწაულებრივ გადაურჩა.

მარსელის ბირჟა
XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. დიდი დარბაზი 2.5 ათას ადამიანს იტევს. აქ საბროკერო ფირმების გარდა, კულტურული დაწესებულებებიცაა და სავაჭრო ცენტრიც.

სენ-ჟანის ფორტი
1660 წლის ციხესიმაგრე. ის მარსელის ძველი პორტის „კარია“. საფრანგეთის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ იქ ციხე განათავსეს, სადაც ბევრი ცნობილი ტყვე აღმოჩნდა.

სენ-ნიკოლას ფორტი
სენ-ჟანის მოპირდაპირე მხარესაა. ააგეს ძველი ეკლესიის ადგილზე. ციტადელი 4 წელიწადში ააშენეს, რაც XVII საუკუნესთვის სარეკორდო დროა.

სენ-ვიქტორის სააბატო
დაარსდა V საუკუნეში, IX საუკენეში კომპლექსი ნაწილობრივ დაინგრა, მაგრამ X საუკუნეში აღადგინეს. 1840 წლიდან ეროვნულ ძეგლად მიიჩნევა.

ნანგრევების ბაღი
არქეოლოგიური გათხრების ტერიტორია, სადაც არქიტექტურული ნარჩენებია. ის 1967 წელს აღმოაჩინეს.

ბორელის პარკი
პარკი 17 ჰა-ზეა გაშენებული. აქ არის ინგლისური ბაღი, ბოტანიკური ბაღი, ქანდაკებები, შადრევნები, გვირაბები ყვავილებისგან და ლანდშაფტური დიზაინის სხვა ელემენტები.

„გასხივოსნებული ქალაქი“
ეს უტოპიური ადგილი არ გეგონოთ, რეალური ღირსშესანიშნაობაა. ასეთი სახელწოდების უკან იმალება… ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი. უბრალოდ, მსგავსი მაღალსართულიანი სახლი სხვაგან არ არის.

პლაჟი დეს-კატალანი
პროვანსი საზღვაო დასვენების საუკეთესო ადგილი არ არის: ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ან მაღალია ან ფლატეებიანია, ან სულაც ხშირად წყალი ჩამორეცხავს. პლაჟი ბევრი არ არის, უმეტესობა ფასიანია, დანარჩენი როგორც წესი გადავსებულია.

პლაჟი პრადო
ეს პლაჟების მთელი კომპლექსია. საინტერესოა, მაგრამ ამ უძველეს საზღვაო ქალაქს 70-იან წლებამდე პლაჟი არ ქონია.

სტადიონი „ველოდრომი“
რელიგიური და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი მარსელი ფეხბურთითაც დაიკვეხნის. ცენტრთან ახლოს მდებარეობს სახელგანთქმული სტადიონი, სადაც ფეხბურთს ძალიან დიდი ხანია თამაშობენ.

 

მარსელის მუზეუმები

საფრანგეთის ყველაზე ძველ ქალაქს (მარსელი დაარსდა ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში), ნებისმიერი მოგზაურისთვის აქვს რაღაც საინტერესო. ექსპოზიციები ორიენტირებულია ცნობისმოყვარე ტურისტს ხმელთაშუა ზღვის კულტურა, ისტორია, განვითარება, დღევანდელობა გააცნოს.

პირველი ნაცნობობისთვის მშვენიერი ვარიანტია ლონშანის სასახლე. არქიტექტურული ღირებულებების გარდა აქ მდებარეობს საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი, ნატიფი ხელოვნების მუზეუმი ფრანგი და იტალიელი ოსტატების მდიდარი კოლექციით, მოქმედი ობსერვატორია, ძველი ზოოლოგიური პარკი და ცნობილი პარკი შადრევნებით, რომლის წყალობითაც სასახლემ მიიღო კიდეც არაოფიციალური სახელწოდება – „ჰიმნი წყალში“.

 

მარსელის რეგიონალური მუზეუმი
Place des Heros, 5, Chateau Gombert
მას არაოფიციალურად მეორე სახელიც აქვს – „პროვანსის ხელოვნებისა და ტრადიციების მუზეუმი“ და ეს უფრო ასახავს მის არსს.


ევროპული და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციის მუზეუმი

7 Promenade Robert Laffont, Esplanade du J4
ხმელთაშუაზღვისპირეთს ხშირად უწოდებენ „კაცობრიობის აკვანს“ და არც თუ შემთხვევით: ევროპის დასახლება სწორედ აქედან დაიწყო. სწორედ აქედან გავრცელდა ევროპაში დამწერლობა, ლიტერატურა, ხელსაქმე, განათლება, ხელოვნება და ა.შ. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ორ რელიგიას.

მარსელის ისტორიის მუზეუმი
Cours Belsunce, 17
ქალაქი 2.5 ათასი წლისაა და მის ისტორია მრავალფეროვანი და რთული მოვლენებითაა სავსე. ასე რომ, ნახვად ღირს.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
аv. Haifa, 69
როგორც დიდი რეგიონების ცენტრებშია, მარსელსაც აქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ორ ნაწილად იყოფა – ადგილობრივი პროვანსული და საერთაშორისო.

 

ამინდი

მშვიდ დღეებში ქალაქი ტკბება ხმელთაშუა ზღვის კლიმატის უპირატესობით: თბილი, მაგრამ წვიამინი ზამთრით და მზიანი ზაფხულით, როდესაც ნალექი თითქმის არ არის. საბანაო სეზონი აპრილიდან იწყება, როდესაც ზღვის წყალი +18 °С თბება და სრულდება ოქტომბრის შუაწელს.
მარსელის კლიმატის თავისებურებაა ხავერდის სეზონის არარსებობა. ზაფხულის სიცხე უცებ იცვლება წვიმებით და ამის გათვალისწინება უსათუოდ გმართებთ.

 

მარსელის სიახლოვეს

რა ვნახოთ:
სენ-ჟან-კაპ-ფერას მდიდრული სახლები;
მინიატურული და აზარტული სახელმწიფო – მონაკო;
სასახლეებისა და ფესტივალების ქალაქი – კანი;
არისტოკრატიული ნიცა;
ფოტოგენური სენ-ტროპე, სადაც თავის დროზე სახელი გაითქვეს ბრიჯიტ ბარდომ („და ღმერთმა შექმნა ქალი“), ლუი დე ფიუნესმა თავისი ჟანდარმით და „საშიში ქოლგის“ მქონე პიერ რიშარმალ
შეიძლება ქალაქ არლში წასვლა, რომელიც გააბრწყინა თვით ვან გოგმა;
ან ნახოთ ანტიკვარიატის და უბრალოდ საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ექს+ან-პროვანსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g