„ნასას“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პლანეტარული განლაგება შეიცვალა და შესაბამისად, ჩვენი უმრავლესობა არასწორ ზოდიაქოს ნიშანს ატარებს, ქართულ სოცქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ამბავს პოეტი რატი ამაღლობელიც გამოეხმაურა და დაწერა:
„ზოდიაქოს ნიშნების ცვლილებებთან დაკავშირებულ იდენტობის კრიზისებს თავისი პოზიტიური მხარეები აქვს, ჩვენ იოლად ვეჩვევით საგნებს, ნივთებს, სახელდებებს, განსაზღვრებებს. ცოცხალ, დინამიურ სამყაროს ხშირად ვაქვავებთ, ვყინავთ, ვაბეტონებთ კლიშეებში, სტერეოტიპებში, ასე ჩახორცებულები ყოფას, ვერ ვეგუებით ცვლილებებს, მეტამორფოზებს, ვარსკვლავებსაც კი ვისაკუთრებთ, ვაქცევთ პრივატიზაციის ობიექტებად, ვირგებთ და ვხმარობთ ტანისამოსივით, „ნასას“ კვლევა კი გვეუბნება რომ სამყაროში არაფერია სტატიკური, დასრულებული, ყველაფერი ქმნადობაშია, გალაკტიონის ენით რომ ვთქვათ: „რომ ყოველივე მიმდინარეობს და იმავე დროს დგას ყოველივე“ მათ შორის „მიმდინარეობს“ კოსმოსის მაღალი და მყარი რეგიონებიც, ყოველივე ეს კი აღგვძრავს და გვიბიძგებს მეტი შინაგანი თავისუფლებისკენ, შინაგანი აქტიურობისკენ, ცნობიერების და ყოფიერების აღქმის გაფართოებისკენ, რომ ადამიანი თავადაა მიკროკოსმოსი და მან უნდა მოიცვას სამყაროს არა რომელიმე ერთი რეგიონი და კონსტელაცია, არამედ მისი თორმეტივე წარმომადგენელი, ზოდიაქოები.
დემონები მუდმივად საზღვარს გვიდებენ, ინსტრუქციებით და გაიდლაინებით გვტვირთავენ, ხოლო ცა და ცის ღმერთები კოსმიური რიტმებით, მუდმივი განახელბითა და ცვალებადოდობით თავისუფლებისაკენ მიგვანიშნებენ…“
