წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ სორმანში გუშინ საღამოს ეკალ-ბარდებსა და ჩაის ბუჩქებს ცეცხლი წაეკიდა, რომლის ჩაქრობაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი ქარის გამო ხანძარი სოფელ რიონის ტყეშიც გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რადიო „ფორტუნასტთან“ საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლის ჩაქრობას ქარი და ცუდი ხილვადობა ხელს უშლის, თუმცა ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია.
„ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 10 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. გუშინ საღამოს ეკალ-ბარდებსა და ჩაის ბუჩქებს გაუჩნდა ცეცხლი, გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ამას გამოძიება დაადგენს”, – აცხადებენ უწყებაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარი დაახლოებით ერთი კვირის წინაც მოხდა. სოფელ ნამოხვანთან ცეცხლი რამდენიმე საათში ჩააქრეს. საღამო ხანს ცეცხლი მაშინაც ბალახს, ეკალბარდებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.