საქართველოს უახლესი ისტორიის 30-წლიანი პერიოდი მოიცავს ოთხი მთავრობის შეცვლის და ამ ცვლილებების პროცესში მუდმივ საპროტესტო აქციებს. ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ჩამონათვალში, დღემდე იბრძვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.
დემოკრატიის და თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1989 წლის 18 თებერვალი დაიწყო, რომელსაც ხშირად „სამარცხვინო ფაქტს“ უწოდებენ. ეს ალბათ იმიტომ, რომ აქცია ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშალეს. თუ ამ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, მას შემდეგ საქართველოში ჩატარებული აქციებისა და მიტინგების უმრავლესობა „სამარცხვინო ფაქტად“ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან უმრავლესობა ძალის გამოყენებით იყო დაშლილი.
18 თებერვლის აქცია, რომელიც თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირელმა აქტივისტებმა, ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერი სტუდენტები დაარბიეს. აქცია მიმართული იყო იმ პროცესების მიმართ, რაც იმ დროს ვითარდებოდა. აფხაზეთმა საქართველოდან გამოყოფა მოითხოვა, საქართველო კომუნისტური ხელისუფლებისგან გათავისუფლებას ცდილობდა. აქციის დარბევის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი.
აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტი, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი აქტივისტი იყო მამუკა ხაზარაძე (დღეს „ლელოს“ ლიდერი), რომელმაც აქციის დარბევის შემდეგ, მოგვიანებით განაცხადა, რომ მონაწილეობა არ მიუღია ავადმყოფობის მიზეზით. პოლიტიკურ პროცესებში ალათ თავიდან ჩართვას არ გეგმავდა და რამდენიმე წელი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის სახელით სარგებლობდა, თუმცა დღეს ის ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერია.
აღნიშნული აქციის შემდეგ, მალევე, 9 აპრილის აქცია და მისი ტრაგიკული შედეგები დადგა. აქცია მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო და შემდეგ გადაინაცვლა რუსთაველის გამზირზე. ქალაქის მმართველობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა, თუმცა მოქალაქეებმა ამის შესახებ გვიან შეიტყვეს. ქალაქში დამსჯელი რაზმი შემოვიდა. საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა სასტიკად დაარბიეს მომიტინგეები. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა. აქციის დარბევის დროს დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა და მოიწამლა ათასობით მოქალაქე.
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა მკვეთრად იკიდებდა ფეხს, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომიტინგეებს ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომლის ლიდერებიც იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები.
საბჭოთა კავშირი ალბათ ისედაც დაინგრეოდა, მაგრამ აქ მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა, საგარეო ფაქტორები და შიდაარეულობა არ იგულისხმება. ეს იყო საერთო მღელვარება, რომელიც ეროვნულ იდეებში გადაიზარდა, რომელსაც მალევე კომუნისტური რეჟიმის დამხობა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება მოჰყვა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, გაპრეზიდენტებამდე და მას შემდეგაც, აქტიურად იყო ჩართული აქციებსა და მიტინგებში, თავისი ხმამაღალი და კონკრეტული მიმართვებით. თუმცა მის წინააღმდეგაც გამართული აქცია ახსოვს თბილისს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის სტატუსის შეცვლა გადაწყვიტა. მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა “კინოს სახლთან” აქცია გამართეს, რომელიც 1992 წლის 2 სექტემბერს ძალის გამოყენებით დაშალეს. მოგვიანებით კი გამსახურდიამ აღნიშნა, რომ აქციის დაშლის განკარგულება მას არ გაუცია. მიტინგის დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ქვეყანაში დაუმორჩილებლობა დაიწყო. მალევე მოჰყვა მთავრობის გადადგომა, პრეზიდენტის გაქცევა და ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში ზვიად გამსახურდიას სიკვდილი.
არც საქართველოს მეორე პრეზიდენტს ქონია დალხენილი ცხოვრება. 2003 წელს საქართველო ისეც აქციებმა მოიცვა. ლოკაციის მთავარი ადგილი ისევ დედაქალაქი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო. ფართომასშტაბიანი აქცია პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პარლამენტი და მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. ედუარდ შევარდნაძემ დიალოგი შესთავაზა ოპოზიციას, თუმცა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ დადო. დედაქალაქის აქციას მალევე რეგიონები შეუერთდნენ. 23 ნოემბერს მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდეს. ეს არის აქცია, რომელიც „ვარდების რევოლუციით“ შევიდა ისტორიაში, ვინაიდან პროტესტი მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და საკანონმდებლო ორგანოშიც ისინი ვარდებით შევიდნენ.
ხელისუფლება გადადგა. დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. საქართველომ ახალი მთავრობა და ახალი პრეზიდენტი აირჩია. თუმცა თითქმის იგივე ბედი გაიზიარა მიხეილ სააკაშვილმა, რაც მისმა წინამორბედმა. 2007 წლის ნოემბერი საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო.
გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც პარლამენტის შენობასთან პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა, ათასობით მხარდამჭერთან ერთად, ხელისუფლებამ დაარბია. აქციის დაშლის დროს პირველად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის რეზინის ტყვიები, რომელსაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავდა.
მესამე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა 2011 წლის 25 ნოემბერს, რომელიც იმ ღამესვე დაარბიეს. მაშინ აქციაზე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები და ა.შ. აქციის დარბევის დროს გარდაიცვალა ორი ადამიანი, ასობით კი დაშავდა. ძალაუფლების გადამეტებისა და თანამდებობის ბორიტად გამოყენებისთვის ამ დრომდე სასჯელს იხდიან 26 მაისის აქციის დარბევის ორგანიზატორები და მათ შორის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა აღნიშნული აქციის დარბევის შემდე, პრემიების სახით 900 ათასი ლარის ფულადი ჯილდოები მიიღეს.
მშვიდობიანად და უსისხლო აქციებით შეიცვალა სააკაშვილის მთავრობა, თუმცა ახალი მთავრობის წინააღმდეგ არც ახლა წყდება საპროტესტო აქციები.
დედაქალაქი ძლიერმა მღელვარებამ მოიცვა იმ ფაქტმა, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა, როდესაც საპატიო ადგილი, რუს, კომუნისტური პარტიის დეპუტატს გავრილოვს დაუთმეს. ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აქცია 20 მაისის ღამეს სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მალევე ძალისმიერი მეთოდებით დაშლა მოჰყვა. აქციის დაშლის დროს დაშავდა ათობით მშვიდობიანი მომიტინგე, ამდენივე მედიის წარმომადგენელი და ორმა მოქალაქემ დაკარგა მხედველობა. ათობით დაკავებულიდან რამდენიმე გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, რამდენიმე ამ დრომდე სასჯელს იხდის, მათ შორის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ოქრუაშვილი.
ამ აქციის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს 17 ნოემბრის აქცია, რომელიც ასევე პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. მოთხოვნა მთავრობის დანაპირების შესრულება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. მთავრობა არანაირ კომპრომისზე არ წავიდა. მიუხედავად სრულიად ოპოზიციის გაერთიანებისა და პარლამენტის შენობის პიკეტირებისა, ხელისუფლებამ დამსჯელი მექანიზმები მაინც გამოიყენა. აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. ისევ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდა ათობით მოქალაქე, დაკავებულები არიან აქტივისტები.
პოლიტიკურში გადაზრდილი არაპოლიტიკური გამოსვლები
გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოებისთვის რეალობა არის პროტესტის ფორმა – აქცია, მოქალაქეები ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მთავრობის ან პოლიტიკური ლიდერების შეცვლის მოთხოვნით არ გამოდიოდნენ.
თბილისს ახსოვს ხალხმრავალი აქციები სასამართლო სისტემის და გამოძიების არასწორი მიმართულების მიზეზით. დედაქალაქში 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის მკვლელობა გააპროტესტეს. 19 წლის მოზარდის მკვლელობის საქმე, მაშინდელმა შსს-მ შეიარაღებული დაჯგუფების დევნის და დროული ლიკვიდირების ფაქტად დაასახელა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ უიარაღო ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი თვითონ სამართალდამცველებმა „ოპერაციის“ შემდეგ ჩაუდეს.
გამოძიების და სასამართლო სისტემის არასწორი გადაწყვეტილება გააპროტესტეს 2006 წლის 16 მარტს პარლამენტთან სანდრო გირგვლიანის დედის მხარდამჭერებმა. 28 წლის სანდრო თბილისის გარეუბანში მოკლული იპოვეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ქონდა მიყენებული. საქმეში შსს მინისტრის მეუღლე ფიგურირებდა, თუმცა საქმის მსვლელობა გაურკვეველი და გაუგებარი იყო გარდაცვლილის მშობლებისთვის. აქციის დღესვე მოქმედმა პრეზიდენტმა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნას სასაცილო უწოდა. მეორე დღეს პარლამენტთან „თანასწორობის აქტივისტების“ აქციაც, სააკაშვილის სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
დღემდე პარლამენტის შენობის წინ სამართალს ეძებს და დამნაშავის დასჯას ითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. ორი წელია მალხაზ მაჩალიკაშვილი საქმის სწორ გამოძიებას და სპეცოპერაციის დროს მისი შვილის მკვლელის დასჯას მოითხოვს. საქმე ამ დრომდე გამოძიების ფაზაშია.
საპროტესტო აქციები მოყვა დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის არასანდო და არაეფექტურ გამოძიებას. არც ეს საქმეა ბოლომდე მიყვანილი და არავინ იცის ისევ რომ იფეთქებს.
სხვა სახის პროტესტი
ქართველი ხალხი ქუჩაში კიდევ ერთმა მიზეზმა გამოიყვანა. დემოკრატიის გზაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას თანაბრად უნდა ქონდეს, მათ შორის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს. საკუთარი უფლებების დასაცავად ლგბტ თემი თბილისში აქციის გამართვას აპირებდა, თუმცა საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, ამის საშუალება არ მისცა. 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დარბევაში, რამდენიმე ათეულ მაღალი რანგის სასულიერო პირთან ერთად, ჭინჭრებით შეიარაღებულ ქალბატონები და უბრალო მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციები გაუმართავთ ტაქსისა და “მარშუტკის” მძღოლებს, მოვაჭრეებს სალარო აპარატების შემოღებასთან დაკავშირებით, უფრო ხმაურიანი გამოდის ხოლმე გარემოვაჭრეების პროტესტი, გამოსვლა მოყვა დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას, თავის დროზე გაი-ს თანამშრომლების პროტესტიც გვახსოვს და სხვაც, თუმცა ეს აქციები დიდ მასშტაბებს ვერ იღებს და მალევე სრულდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის ისტორიაც სწორედ სახალხო პროტესტით და მღელვარებით დაიწყო და ქართველი ხალხის ლტოლვა თავისუფლებისაკენ 30-წლიანი მწარე გამოცდილებების მიუხედავად, ყოველთვის მთავარი თემა იქნება. საპროტესტო აქციები კი ალბათ ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. ქართული აქციების 30-წლიანი ისტორია იწყება მოწოდებით “გა-და-დე-ქი” და იგივე მოწოდება აქტუალურია დღესაც.