განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნა.
თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა. დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო.
აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა ლითონის 6 ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200-მდე ადამიანი.
მერიის ინფორმაციით, მომდევნო წელს „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.