LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებული კაბელები ექსპორტზე ისრაელსა და სომხეთში გავა – „ქოჩკაბლოს“ წარმატება

555
70515371-106493167411576-7364531275140431872-n

ქართული წარმოების კაბელები ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. კომპანია „ქოჩკაბლომ“ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები ისრაელთან და სომხეთთან წარმატებით დაასრულა და პროდუქციას აღნიშნულ ქვეყნებში უახლოეს პერიოდში გააგზავნის.

„ქოჩკაბლოს“ მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე „ფორტუნა“ კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორს გოჩა ხუდოიანს ესაუბრა.

„ამ ეტაპზე ჩვენი საწარმო სატესტო რეჟიმში მუშაობს. დასაქმებული გვყავს 50-ამდე ადამიანი და მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ვაწარმოებთ დაბალი ძაბვის 100 დასახელების, სხვადასხვა ტიპის კაბელს. რაც შეეხება რეალიზაციას, ჯერჯერობით კაბელებით ადგილობრივ ბაზარს ვამარაგებთ და საქართველოს მასშტაბით, მსხვილ სავაჭრო ქსელებში შეგვაქვს. ამასთან, მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ექსპორტის საკითხზე ისრაელთან და სომხეთთან და ჩვენი პროდუქცია მიმდინარე წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით- დეკემბერში, გაიგზავნება ამ ქვეყნებში“, – აღნიშნა გოჩა ხუდოიანმა.

მისივე ინფორმაციით, გარდა საექსპორტო გეგმებისა, კომპანია „ქოჩკაბლო“ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. „ვაპირებთ, გამოვუშვათ გარდა დაბალი ძაბვისა, მაღალი და საშუალო ძაბვის კაბელებიც. უკვე ჩამოტანილი გვაქვს შესაბამისი საწარმოო ხაზები და მიმდინარეობს მათი მონტაჟი“, – აცხადებს „ქოჩკაბლოს“ ბიზნეს განვითარების დირექტორი.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კონკურენტებს, გოჩა ხუდოიანი ამბობს, რომ საქართველოში 4 საკაბელო საწარმო არსებობს, „ქოჩკაბლოს“ ჩათვლით. აქედან 2 თბილისში მდებარეობს, 1- ზესტაფონში, 1 კი- რუსთავში. „ქოჩკაბლოს“ კონკურენტებისგან წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება გამოარჩევს.

„მოგეხსენებათ, „ქოჩკაბლო“ არის სპილენძისა და ალუმინის მწარმოებელი მსხვილი თურქული კომპანია, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე საქმიანობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ, თურქული ინვესტიციით და ჩვენი სახელმწიფოს, კერძოდ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარადჭერით დაიწყო საქართველოშიც „ქოჩკაბლოს“ საწარმოს მშენებლობა. წარმოების პროცესში ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ჩვენი თურქი ინვესტორებისა და კოლეგების რეკომენდაციებსა და გამოცდილებას. შესაბამისად, მრავალწლიანი გამოცდილება საკაბელო წარმოებაში გვაძლევს საშუალებას, ვაწარმოოთ უპრეცენდენტოდ მაღალი ხარისხის კაბელი საქართველოში“, – ამბობს გოჩა ხუდოიანი.

ცნობისთვის, თბილისში საქნავთობის დასახლებაში „ქოჩკაბლოს“ საწარმოს მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო. საწარმოს ოფიციალურად გახსნა 2020 წლის თებერვალ-მარტში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g