LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

109

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში  გორში  ხილისა და ბოსტნეულის  გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  კარალეთში,  მდებარე  შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ხილისა და ბოსტნეულის  გადამამუშავებელ საწარმოს ქონების მართვის სააგენტომ  20 067 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადასცა და კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის  გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა. საწარმოში ჯამში  განხორციელდა 1 200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან   650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

როგორც საწარმოს გახსნაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის.

,,საქართველოს ძლიერი გადამამუშავებელი აგრომრეწველობის ტრადიცია აქვს.  შიდა ქართლი  ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო. ქვეყანას აქვს  რესურსი ნედლეულის – ხილის და ბოსტნეულის  წარმოებისთვის,  რისი ათვისებაც  მაქსიმალურად  უნდა მოხდეს და გადამამუშავებელი წარმოება განვითარდეს.   სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის  რეგიონში გაიხსნა 18 ახალი  და გაფართოვდა 64 საწარმო. რეგიონში გახსნილ ახალ საწარმოებში ჯამში 8,391,023 აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  საწარმოები ადგილობრივი, რეგიონული ეკონომიკის განვითარებას და  მოსახლეობის დასაქმებას  უწყობს ხელს.   სწორედ ეს არის სოფლის განვითარების წინაპირობა.

როგორც კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ  აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად დამატებით 25 ადამიანის დასაქმდება მოხდება.

,,საწარმოს სიმძლავრე დღეში 10 000 – 12 000 ქილა კომპოტისა და მწნილის წარმოება იქნება. 2017 წელს დაგეგმილი გვაქვს  დამატებითი ხაზებისა და  დანადგარების დამატება და წარმოების გაზრდა“, – განაცხადა შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა.

კომპანია წარმოებულ პროდუქციას  სახელით – ,,ბენეფიტ ბატონო“  გამოუშვებს. პირველ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილებრივ ბაზარზე მოხდება.  2017 წლიდან პროდუქცია ექსპორტზე გავა.

შპს ,,ჯეოკონცენტრატის“  საწარმო გამოუშვებს ჯონჯოლის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ნივრის მწნილებს, ასევე ჟოლოს, ალუბლის, თეთრი ბლის, ატმის, შინდის, ღოღნოშოს, მარწყვის, ფეიხოიას, ვაშლის, კომშის, ტყემლის კომპოტებს.  კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

 

magti 5g