სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ გააანალიზებულ და განზოგადებულ იქნა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.procurement.gov.ge) განთავსდა დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადებული პრაქტიკის მასალები.
როგორც ”ფორტუნას” სააგენტოდან აცნობეს, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიზანია დავების განხილვის საბჭოს საქმიანობისას გამოკვეთილი, მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გამოყოფა და მათი დაინტერესებული საზოგადოებისათვის გაცნობა.
”დავების საბჭოს განმარტებებს თან ერთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლებიც სისტემატიზებულია სახელმწიფო შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული თემატიკის მიხედვით. პირველ ეტაპზე, ვებ-გვერდზე განთავსდა 15 მნიშვნელოვანი განმარტება (თანდართული გადაწყვეტილებებით), რომლებსაც ეტაპობრივად დაემატება სხვა განმარტებები.
დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადებული პრაქტიკა ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ეფექტურად და ხარვეზის გარეშე განხორციელებას. იგი მეტად დაეხმარება შემსყიდველ ორგანიზაციებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოაყალიბონ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისი, ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომა. ამასთან, პრაქტიკის გაცნობა შეამცირებს პრეტენდენტთა მხრიდან ერთი და იგივე სახის შეცდომების დაშვების ალბათობას”, – განაცხადეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.
მათივე ცნობით, განზოგადებული პრაქტიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი პირისათვის, რათა მათ სურვილის შემთხვევაში, მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში.