LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული პროპაგანდა, შესაძლოა, მალე კანონით აიკრძალოს

102

„რუსეთის მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან აქტუალური და ვლინდება სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობების ბევრ სფეროში“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ განაცხადა.

საქართველოში რუსული პროპაგანდის ასაკრძალად ქმედითი ზომების მიღება, პირველ რიგში სათანადო საკანონმდებლო ნორმის შემოღებას ითვალისწინებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რუსული პროპაგანდის აკრძალვისთვის ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას ორი მიმართულებით – რუსეთის პროპაგანდა პოლიტიკური ძალების მიერ და ასევე პროპაგანდა მაუწყებლის მიერ.

რუსული პროპაგანდისთვის ერთ-ერთი ნაცადი ხერხი, კრემლის პოლიტიკას დაქვემდებარებული რუსული ტელეარხებია. ლიკა საჯაიასთან ვისაუბრეთ, კანონის რა ნორმის შემუშავება შეიძლება ამ მიმართულებით, მსგავსი არხების გავრცელების რეგულირებისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია, არ შეიზღუდოს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„ამ შემთხვევაში, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით არ ვკრძალავთ ნებისმიერი სახის პროპაგანდას. ჩვენ ვკრძალავთ პროპაგანდას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და მოიცავს ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს“ – აღნიშნა ლიკა საჯაიამ.

მისივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სწორედ მსგავსი შინაარსის შემცველი პროგრამებისა და რეკლამის შეზღუდვას მაუწყებლის მეშვეობით. ასევე ინიციატივა იმ პარტიის საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს, რომელიც თავის საქმიანობით ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას, ან ეწევა აგიტაციას ან ავრცელებს საარჩევნო რეკლამას. საკანონმდებლო ნორმის დანერგვის შემდეგ, კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი კონკრეტული რეგულაციაა.

რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის ისეთი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში, რომელსაც კანონი პირდაპირ კრძალავს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ორ ვარიანტს განიხილავდა, მაგალითად, პროპაგანდის შემცველი რეკლამის განთავსების დროს კანონი ყოფილიყო რეგულირებადი თუ თვითრეგულირებადი, ანუ ვინ უნდა განიხილოს, მსგავსი საარჩევნო რეკლამის განთავსების საკითხი, კომისიამ და სასამართლომ თუ თავად მაუწყებელმა.

„გვქონდა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. საბოლოოდ წავედით იმ გზით, რომ რაც შეიძლება ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ თვითგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, შესაბამისად მნიშვნელოვანია, დარჩეს თვითრეგულირების ფორმა და თავად მაუწყებელმა გადაწყვიტოს, მსგავსი შინაარსის რეკლამა ან პროგრამა გაუშვას თუ არა ეთერში“ – განაცხადა ლიკა საჯაიამ „ფორტუნასთან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე შეხვდა მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, კანონპროექტის დასახვეწად, სამუშაო შეხვედრა კვლავ იგეგმება, მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები კანონპროექტში აისახება და პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

 

ავტორი : ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g