„გოლდენ სტეიტი“ ისე გაბრაზდა 5 ნოემბერს „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხებით, რომ ამ გუნდთან მორიგ შეხვედრაშივე გაათმაგებულად იძია შური. ლეიკერსელები ისევ ოკლენდში ჩავიდნენ, თუმცა ამჯერად დიდად შერცხვენილები დარჩნენ. „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეებმა საკლუბო ისტორიაში სარეკორდი 47 შედეგიანი გადაცემა გაიღეს და საბოლოოდ 149:106 გააცამტვერეს ლოს-ანჯელესელები.
მატჩის ბედი მესამე პერიოდის შუაწელში გადაწყდა, როცა მასპინძელთა უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია. სწორედ ამ მომენტში გავიდა მოედნიდან ზაზა ფაჩულია და ასპარეზი ძირითდად სათადარიგოებს დაეთმოთ, რომლებმაც არათუ დააგდეს ტემპი, არამედ სხვაობა უფრო გაზარდეს და საბოლოოდ „გოლდენ სტეიტმა“ 43-ქულიანი გამარჯვება იზეიმა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ზაზა ძალიან სარგებლიანი იყო, რაც მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით არ განისაზღვრება. ფაჩულია ძალიან სასარგებლოდ მოქმედებდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ტაქტიკური ბლოკების დაყენებით მეტოქის ფარისკენ გზის გახსნით თავის გუნდელებს ქულების მოპოვებას უადვილებდა.
რაც შეეხება უშუალოდ ქართველი ცენტრის მონაგარს, ზაზამ 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი ჩაჭრები: მოედანზე ყოფნის 8 წუთის შემდეგ ზაზას უკვე 3 ჩაჭრა ჰქონდა მოგროვებული და ეს იმ ფონზე, რომ მის გუნდელთაგან არავის 1 ჩაჭრაზე მეტი არ ჰქონია. „გოლდენ სტეიტის“ 7 ჩაჭრიდან 3 ქართველ ცენტრზე მოდის. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„გოლდენ სტეიტი“ 31 ქულითა და 9 პასით სტეფ კარი გამოირჩა. 28 ქულით ეფექტური იყო კევინ დურანტიც, კლეი ტომპსონმა კი ოკლენდელებს 26 ქულა მიაშველა. გაიბრწყინ ათადარიგო იან კლარკმა, რომელმაც სნაიპერული თვისებები ისევ გამოიჩინა.კლარკმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 18-წუთიანი თამაში 21 ქულით დაასრულა.

ეს გახლდათ ოკლენდელთა ზედიზედ მე-9 გამარჯვება, თუმცა არ აგებს არც „ლოს ანჯელეს კლიპერსი“, რომელსაც „გოლდენ სტეიტზე“ ერთით მეტი გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ „ლეიკერსთან“ ელის. ეს გუნდები ერთმანეთს 26 ნოემბერს, ამჯერად ლოს-ანჯელესში შეხვდებიან.
