საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი გაიზრდება.
ამასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები.
როგორც „ფორტუნას“ „ევროპაბეთში“ განუცხადეს, ისინი მოვლენების განვითარებას დაელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.
უპასუხოდ დატოვეს „ფორტუნას“ კითხვები „აჭარაბეთშიც“.
მოთამაშეების ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებაზე ფიქრობს, რომ ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.
„ლუდომანია ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. ადამიანს, რომელსაც უნდა რომ ფული წააგოს ან მოიგოს, ეს ვერ შეაჩერებს. გაზრდილი ფასები კი კვლავ მოთამაშეს დააწვება და არა კომპანიებს. ისინი თავს არ დაიზარალებენ“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ ერთ–ერთმა მოთამაშემ.
“კაზინოების წინააღმდეგი ვარ, იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მოქალქეს ითრევს. ამაზე მეტად ვეწინააღმდეგები ონლაინ ტოტალიზატორებს, რადგან არასრულწლოვნები თამაშობენ. ონლაინ კაზინოები ასაკრძალია, ხოლო კაზინოები ერთ ქალაქში უნდა გადაიტანონ, სადაც ყოველდღე, პატარა ბიჭები ნაშოვნი 10 ლარით ვერ წავლენ კაზინოში და ამ სფეროში არ ჩაიფლობიან. მოსაკრებლის ზრდა გამოსავალი არა მგონია იყოს”, – განაცხადა კიდევ ერთმა ჩვემა რესპონდენტმა, რომელიც წარსულში საკმაოდ აქტიური მოთამაშე იყო.
სათამაშო ტურიზმი (Gambling Tourism) ბათუმში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადგილობრივ თუ ვიზიტით მყოფ აზარტის მოყვარულ სტუმრებს ბათუმი კაზინოების ფართო არჩევანს სთავაზობს. საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესის წარმოება აკრძალული არ არის.
იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს პატარა ლას ვეგასს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. ამიტომ, კაზინოები ბათუმში არის დამატებითი სერვისი ტურისტული თვალსაზრისით.
2014 წელს ადგილობრივ კაზინოებს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რომელთა 80%-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორი იყო. 2014 წელს არსებული კაზინოებიდან ბიუჯეტში შესული თანხის რაოდენობა 15.2 მილიონ ლარს შეადგენს.
შეეხება თუ არა აღნიშნული ცვლილება ტურისტთა შემოდინებას, ამასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამუკა ბერძენიშვილს დაუკავშირდა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, ამიტომ დასკვნისგან თავის შეკავება არჩია.
„ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება ამაზე ძალიან რთული იქნება. ასევე, როგორც ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
კითხვაზე ამ თემაზე კონსულტაციებში, როგორი იქნება აჭარის მთავრობის კომენტარი და პოზიცია, მამუკა ბერძენიშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა:
„სამხედრო გადატრიალების შემდგომ, თურქი ტურისტების თავისუფლად მიმოსვლა ისედაც შემცირებულია–ეს პირდაპირ ურტყავს სათამაშო ბიზნესს, ამიტომ ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ამას აუცილებლად დავაფიქსირებთ, როგორც შენიშვნასა და ჩვენ პოზიციას“, – განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, წელს აჭარაში 10 თვის მონაცემებით, ტურისტების რიცხვი 19%–ითაა გაზრდილი.
თუ ეს არც ლუდომანიასთან ბრძოლაა და არც რატომ იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი? ამასთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ასეთი განმარტება გააკეთა:
“დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინრასტრუქტურული პროექტების განხცორციელებას. ახალი ავტომაგისტარელბსი მშენებლობას, საქართველოს სატრანზირტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების გაგრძელებას მოხმარდება.
„ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება რთული იქნება. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, კონსულტაციები მიმდინარეობს.
დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება.
აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში, თუმცა ლარის სტაბილურობის მიმართულებით სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვგეგმავთ”,- განაცხადა პრემიერმა.
რას ამბობდა პრემიერი ერთი წლის წინ?
“რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა მისი თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის.“, – აცხადებდა პრემიერი ჯერ კიდევ წინა წელს და სავარაუდოდ ასეც მოხდება, რადგან გაზრდილი მოსაკრებელი ისევ მომხმარებელს დააწვება.
თამთა უთურგაშვილი