დედაქალაქში ელექტრომობილებით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა, რამაც დამატებითი ელექტროდამტენების დამონტაჟება განაპირობა. ამ დროისათვის აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ისანსა და ჩუღურეთის რაიონებში. თუმცა მოსახლეობის მომართვიანობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია კიდევ რამდენიმე უბანში დამატებით სადგურებს დაამონტაჟებს.
კახი კალაძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. უკვე დამონტაჟებულია 28, ხოლო 12 ელექტროსატენის მონტაჟი უახლოეს დღეებში მოხდება.
“ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. ელექტროდამტენები დავამონტაჟეთ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ერთი წლის განმავლობაში მომსახურეობა გავხადეთ სრულიად უფასო. ერთი წლის შემდეგ აღნიშნული მომსახურეობა გახდება ფასიანი, ხოლო ფასს დაადგენს აუქციონზე გამარჯვებული კომპანია”, – განაცხადა კახი კალაძემ.
რაც შეეხება ელექტროდამტენებზე აუქციონს, მერის თქმით, მთავარი მოთხოვნის თანახმად, თბილისის მასშტაბით ორ ეტაპად უნდა დამონტაჟდეს ჯამში 60 ელექტროდამტენი. ადგილები შეირჩევა მოსახლეობის მოთხოვნების მომართვიანობის მიხედვით.
ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი 10 მარტიდან ამოქმედდება