LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არიან კონკრეტული პირები, ვისაც ჩემი და ჩემი კოლეგების დასჯა სურდა,”-ირაკლი გედენიძე

81

„არიან კონკრეტული პიროვნებები ზედა ეშელონებიდან, ვისაც სურდა ჩემი პირადად და ჩემი კოლეგების დასჯა, 26 მაისის მიტინგის დარბევის გადაღებისა და ფოტოების გავრცელების გამო“ – ამის შესახებ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში ერთ-ერთმა ყოფილმა ბრალდებულმა, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ რადიო „ფორტუნასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძების ამ ეტაპზე არ შეუძლია კონკრეტული გვარების დასახელება.

„ცხადია, დღეს, პროკურატურის მიერ დასახელებული ორი პიროვნებიდან ერთ-ერთს, თავად არ დაესიზმრებოდა საქმის „შეკერვა“, რა თქმა უნდა მასაც ავალებდნენ ზემდგომი ეშელონებიდან. რა თქმა უნდა ბრალდებულები კიდევ იქნებიან“ – აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება ფოტოს, რომლითაც ფოტორეპორტიორებს, ირაკლი და ნათია გედენიძეებს აშანტაჟებდნენ, თავად ფოტოგრაფის თქმით, ფოტოზე აღბეჭდილი იყო მისი მეუღლე. ფოტო კი ნიუს ჟანრში, მეუღლეს, მისსავე სახლში მოწყობილ სტუდიაში, თავად გადაუღო.

„ეს იყო ფოტო ოჯახის არქივიდან. ჩემსავე სტუდიაში, ჩემს მიერ გადაღებული ნიუს სტილში, ჩემი მეუღლის ფოტო. ეს ფოტო უკანონოდ მოიპოვეს სახლიდან ამოღებული კომპიუტერიდან, შემდეგ კი გვემუქრებოდნენ და გვაშანტაჟებდნენ გასაჯაროებით“ – აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.

რაც შეეხება კითხვას, აღდგა თუ არა სამართლიანობა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე, დღეს ბრალდებული ორი პირის დაკავებით, გედენიძის განცხადებით „სამართლიანობა აღგდება მაშინ, როცა სასამართლო სათანადო განაჩენს გამოიტანს. თავის მხრივ პროკურატურამ უკვე თითქმის ბოლომდე მიიყვანა საქმე.“

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. დაკავებულია შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი პირი, მერვე საპყრობილის ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე.

 

ავტორი ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g