25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.
ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.
თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.

26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.
რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.
ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება – კლუბი „ზინგერი“ ამჯერად გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.
ჯაზფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს 26 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს, ხოლო 28 მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.
დღეს, სასტუმრო „რუმსში“ პროგრამის დაანონსების მიზნით პრესკონფერენცია გაიმართა.

გიორგი კერესელიძე, „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი:
უკვე რიგით 23-ე ჯაზფესტივალი ტარდება. ამჯერად ფესტივალის ძირითად კონცერტებს მასპინძლობს რუსთაველის თეატრი, რომელიც კარგად ერგება წლევანდელ პროგრამას და მის მონაწილეებს. ჩვენ გვესტუმრებიან ჯაზის ლეგენდები დეივ ჰოლანდი და კენი ბარონი, რომლებიც ალბომის პრეზენტაციის ფარგლებში გამოვლენ თბილისში. ვმასპინძლობთ საინტერესო მუსიკოსს, აიანა უიტერ-ჯონსონს, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო პროექტშიც ჩაერთვება და მასტერკლასს გამართავს. ის ბოლოდროინდელი ჯაზფესტივალების ნამდვილი აღმოჩენაა. ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს ჩვენს ფესტივალს 28 მარტს, მის ხმას დაუვიწყარს ეძახიან და ახალი დისკის საპრეზენტაციო ტურის ფარგლებში ჩამოვა თბილისში.
მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე:
თბილისის ჯაზეფსტივალი 23-ედ ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ფესტივალია თბილისისთვის და ჩვენს ქალაქის მსოფლიო ჯაზის რუკაზე მონიშნავს. ქალაქ თბილისის მერია მისი ერთგული პარტნიორი და მხარდამჭერია, რადგან ჯაზფესტივალი წარმოაჩენს და განამტკიცებს თბილისის, როგორც რეგიონის კულტურის ცენტრს.
თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
ჯაზფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: მარკეტერი, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა, Financial.
ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი სტატუსბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.




