დედაქალაქის სამისამართე აბრების დამონტაჟება განახლდა. პირველი აბრა, სიმბოლურად თბილისის საკრებულოს შენობაზე დამონტაჟდა. საკრებულოს ინფორმაციით, ისტორიულ შენობაზე აბრა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი ბირბიჩაძესთან და საკრებულოს აპარატის უფროსთან ერთად მიაკრა. მათი ცნობით, აბრასთან ერთად, შენობაზე თავისუფლების მოედნის ისტორიის შემცველი საინფორმაციო დაფაც განთავსდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ აბრების დამზადება და დამონტაჟება დედაქალაქის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
„დედაქალაქში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი განახლდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ ყოველწლიურად დაახლოებით 13 ათას მისამართზე მონტაჟდება სამისამართე აბრა. ჩვენი მიზანია, რომ დედაქალაქში არ იყოს გეოგრაფიული ობიექტი მისამართის და სამისამართე აბრის გარეშე“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
სამისამართე აბრები ასევე დამონტაჟდა ვაკის რაიონში. ნიბლოშვილის განცხადებით, დედაქალაქში აბრების განთავსება ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება.
