„სუხიშვილების“ მოცეკვავე ნინი გელხაური ახლახან გაბედნიერდა. მისი რჩეული ლევან ახვლედიანია. წყვილის ქორწილმა სოციალური ქსელები მოიცვა. ულამაზესი იყო პატარძალი და მისი მეგობრები ანსამბლიდან, რომლებმაც რა თქმა უნდა, ქორწილში სხვადასხვა ცეკვა მოხდენილად შეასრულეს. ნინი თავისი სიყვარულის ამბისა და ქორწილის დეტალების შესახებ fortuna.ge-ს უყვება.

ნინი, როგორ შეხვდით თქვენს მომავალ მეუღლეს და როგორ განვითარდა თქვენი ამბავი?
პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!..
ჩვენი გაცნობის ისტორია ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია.
თავდაპირველად ლევანმა სცადა ჩემი გაცნობა და ყველანაირად ცდილობდა, რომ კომუნიკაციაში „შევეტყუებინე”.
21 დღის განმავლობაში მწერდა გაუჩერებლად და ყოველდღე თავისი მონაწერებით მაცნობდა თავს, ოღონდ აქ ერთი დეტალი არის ის, რომ მე საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი…
რეალურად თვითონაც არ ელოდებოდა ჩემგან პასუხს, რადგან როცა პირველად გავეცი პასუხი, თავიდანვე უარი ვუთხარი გაცნობაზე და თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ მას მოეწერა და პასუხს არ დალოდებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი „ჩათი” ჰქონდა თავის დღიურად გადაქცეული… გარკვეული დროის შემდეგ მოხდა ისე, რომ უბრალოდ დამაინტერესა, თუ ვინ იყო და ვინ „იმალებოდა” მონაწერების და „დღიურის” უკან და საბოლოოდ ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დღეს უკვე ოჯახად იქცა…

როგორ გთხოვათ ხელი?
ხელის თხოვნას რაც შეეხება ამ ისტორიაზე ძალიან მეცინება (იღიმის). მოკლედ რომ ვთქვათ, ლევანს დაგეგმილი ჰქონდა ხელის თხოვნის ცერემონია. ყველანაირად მზად იყო, მაგრამ ერთ მომენტში, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, თავის მეგობარს ელაპარაკებოდა და ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული, რა დროსაც მეგობარმა ჰკითხა და მეც იქ ვიყავი – „ჰე აბა რა ქენი, სთხოვე ხელი?”. და ასე შემთხვევით გავიგე, თუ რას აპირებდა ლევანი და იქვე, სადაც ვისხედით, იმ წამსვე მთხოვა ხელი…

როგორ დაგეგმეთ ქორწილი? რა დეტალები გაითვალისწინეთ დაგეგმვისას?
ქორწილზე როგორც კი დავიწყეთ ფიქრი, უკვე ვიცოდით, რომ დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო, იმიტომ, რომ ქორწილი იქნებოდა საკმაოდ ფართომასშტაბიანი ჩვენი ოჯახებიდან და დიდი სამეგობროდან გამომდინარე… ძალიან გვინდოდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გვიყვარს, ყოფილიყო ამ ბედნიერების თანაზიარი.

მინდა ვისარგებლო მომენტით და დიდი მადლობა გადავუხადო რამდენიმე კომპანიას, ვინც ჩვენი ქორწილი გაალამაზა: დიზაინერები – ქეთო მაჭარაშვილი და ნანა რაზმაძე, Glorious Event (ფოიერვერკები), რომლებმაც ყველა ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად აქციეს, ასევე ჩვენს ფოტოგრაფებს frame me და ვიდეოგრაფებს timelesswedding.films, „ვილა მოსავალის” სტაფს. ყველამ უკლებლივ პროფესიონალურად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და ზუსტად ისეთი ქორწილი გამოვიდა, როგორზეც ვოცნებობდით. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდში დაგვიდგა და გვეხმარებოდა, უმნიშვნელოვანესი როლი კი ჩვენმა ოჯახის წევრებმა შეასრულეს თავისი დაუღალავი შრომით.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ჩემთვის და ალბათ ყველა პატარძლისთვის იყო და არის კაბა, რომელიც მინდოდა, რომ ყოფილიყო პატარა ნინის წარმოდგენებში დახატული დიდი, გრანდიოზული, თვალში საცემი კაბა… სწორედ ამისთვის გავემგზავრე იტალიაში, რათა მეპოვა ჩემი ოცნების კაბა. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე საქორწილო მაღაზია მქონდა დაჯავშნილი, მაგრამ პირველივე დღეს პირველივე მაღაზიაში რომ ჩავიცვი და ჩავიხედე სარკეში, ერთადერთი რამ გავიფიქრე, რომ ეს ის პატარა ნინის ოცნების კაბა…
ქორწილში ქართული რომ იცეკვეთ მეორე ნახევართან ერთად, როგორი შეგრძნება იყო?
ქართული ცეკვა და ზოგადად ცეკვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რამხელა ემოციასთან ასოცირდება, ალბათ, უკვე იცით… მაგრამ ეს ემოციები სულ სხვა იყო და სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ლევანის ის მონდომება და შრომა, რომელიც მან ჩადო ცეკვის შესასწავლად და შემდეგ შესასრულებლად, რადგან მას ქართულ ცეკვასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია.
ქორწილში, ფაქტობრივად, „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა…
„სუხიშვილებს“ აქვს ის მუხტი, რომ ნებისმიერი ამბავი შეუძლიათ, დღესასწაულად გადააქციონ. ბევრს ეგონა, რომ ყველაფერი დადგმული გვქონდა წინასწარ… მაგრამ არა (იღიმის), უბრალოდ, ერთმანეთს ფეხი ავიწყვეთ და სწორედ ამ სპონტანურობამ და ბუნებრივობამ უფრო გაალამაზა ჩვენი დღე…
ასეთ ქორწილზე ოცნებობდით, როგორიც გქონდათ?
ზუსტად ისეთი საოცარი ქორწილი შედგა, როგორიც მუდამ წარმოდგენებში მქონდა და გვქონდა…
რა იყო თქვენი ქორწილის ყველაზე დაუვიწყარი მომენტი?
განსაკუთრებულ მომენტებთან დამავშირებით გეტყვით, რომ არ მინდა არცერთი მომენტის ასე ცალკე გამოყოფა, იმიტომ, რომ ყველა ეპიზოდი ჩემთვის ძვირფასი და საყვარელია. განსაკუთრებული იყო ასევე ის ემოციები, რაც მე და ჩემმა მეუღლემ და ჩვენმა ოჯახმა მივიღეთ ჩვენი სტუმრებისგან, იმიტომ, რომ ეს არ იყო მარტო ჩვენი ზეიმი, ყველაზე მეტად რეალურად გავბედნიერდით იმ ემოციებით, რაც დამსწრე საზოგადოებამ გამოხატა ჩვენს მიმართ და გაგვიზიარა.
თაფლობის თვეს სად ატარებთ?
თაფლობის თვეს ვატარებთ საბერძნეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოსტანავარინოში.
ქორწილის ფოტოები ეკუთვნის Frame Me-ს.
