”ბუტრანა” – 19 წლის ქართველმა ბიჭმა ღვინისა და ყველის საკუთარი ბრენდი შექმნა. როგორც ”ფორტუნას” ახალგაზრდა მეწარმემ, ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა, ღვინის წარმოება მან რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ამ ყველაფერს ბიზნესის სახე კი ცოტა ხნის წინ მისცა.
”ჩემს ოჯახს სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში აქვს რამდენიმე ჰექტარი ვენახი, სადაც ყურძნის 53 სახეობა მოგვყავს – მათ შორის მსოფლიოში აღიარებული უნიკალური ჯიშები. შესაბამისად, ეს სფერო ჩემთან ბავშვობიდანვე ახლოს იყო – 14 წლის ასაკში პირველი ღვინო დავწურე და შევინახე. აღნიშნული ღვინო მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის იყო განკუთვნილი. სამი წლის შემდეგ გავხსენი და ძალიან მოგვეწონა. იმდენად მომეწონა ეს პროცესი, გადავწყვიტე ღვინის წარმოება მასშტაბურად დამეწყო. სწორედ ასე გაჩნდა ბრენდ ”ბუტრანას” შექმნის იდეაც”, – აღნიშნა ხატიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით წლიურად მხოლოდ 1500-დან 200 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზებაც თბილისში, რამდენიმე სავაჭრო ობიექტსა და კაფეში ხორციელდება. ”ბუტრანას” ბრენდის ქვეშ ღვინოსთან ერთად ყველიც გამოდის. ”მაქვს ყველის მცირე საწარმო, სადაც წარმოებულ პროდუქტსაც ღვინოში ვაძველებთ და შესაბამისად, ვიღებთ ღვინოზე მისაყოლებ ყველს, რომელიც ასევე იმ ობიექტებში იყიდება, სადაც ”ბუტრანას” ღვინო”, – განმარტა ახალგაზრდა მეწარმემ.
როგორც ჯემალ ხატიაშვილმა განმარტა, სამომავლოდ წარმოების გაზრდაც იგეგმება, რადგან ”ბუტრანას” ბრენდმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და მასზე მოთხოვნა არსებობს. ამასთან, ბრენდის შემქმნელი ექსპერიმენტებსაც არ ერიდება- ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ ყველი ე.წ თათარაში დააძველა, გარდა ამისა, დაიწყო ყურძნის მურაბის წარმოებაც.
”ჯერჯერობით ეს მურაბა სატესტო რეჟიმში დამზადდა და შევიტანეთ ”ყველის სახლში”. თუ პროექტმა გაამართლა, სამომავლოდ, ამ კუთხით განვითარებასაც ვგეგმავ”, – განუცხადა ”ფორტუნას” ბრენდ ”ბუტრანას” შემქმნელმა.