ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწის ბენჯამინ ფრანკლინის აზრით, ყოველი ახალი დღე კითხვით: “კარგი რა უნდა გავაკეთო დღეს?” უნდა იწყებოდეს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით კი, ნებისმიერ ადამიანს საქმეების საკუთარი ნუსხა უნდა ჰქონდეს, რომელსაც ყოველდღიურად განახორციელებს. დღის ბოლოს კი, შეაჯამებს და უპასუხებს კითხვას: “დაგეგმილი საქმეებიდან რა განხორციელდა, რა ვერ შესრულდა და რატომ?”
სპეციალისტების აზრით, ბედნიერების მოსაპოვებლად საჭიროა განვლილი დღის გაანალიზება, მომავალი დღისთვის კონკრეტული გეგმის დასახვა და მისი შესრულება.
ხანგრძლივი კვლევის შემდეგ ფსიქოლოგებმა იმ საქმეების გეგმა შეადგინეს, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას და ეხმარება მას პიროვნებად ჩამოყალიბებაში:
* გაანალიზეთ განვლილი დღე, შესრულებული და შეუსრულებელი საქმეები. აქციეთ ჩვევად ყოველდღიური ანალიზი, დააკვირდით თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და უარი თქვით პასიურ ცხოვრებაზე, რადგან სწორედ დაკვირვება შთაგაგონებთ ახალ იდეებზე.
* მუდმივად ატარეთ თან წიგნი, ჟურნალი ან გაზეთი, რათა სასარგებლოდ შეავსოთ დრო, რომელიც გზაში ან რიგში დგომით გეკარგებათ.
* უბის წიგნაკში (და არა ტელეფონში, რადგან ასე უფრო ეფექტურია) ჩაიწერეთ ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო იდეაც კი, რაც თავში მოგივათ.
* იკითხეთ მაქსიმალურად ბევრი (საუკეთესო ვარიანტია დღეში 1-2 საათი), მერე კი, გაიაზრეთ და გაანალიზეთ წაკითხული.
* ეცადეთ ადრე დაწვეთ დასაძინებლად, ადრე გაიღვიძოთ და დილიდანვე შეუდგეთ გონებრივ მუშაობას.
* გამოიჩინეთ კომუნიკაბელურობა, მეგობრულად განეწყვეთ გარშემომყოფების მიმართ.
* აკონტროლეთ ხარჯები, აწარმოეთ საკუთარი ბუღალტერია, რადგან სწორედ ასე შეძლებთ დააღწიოთ თავი არაფრისმომცემ საყიდლებს.
PS: შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეიტანოთ ნუსხაში თქვენთვის საინტერესო პუნქტები. წარმატების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, რადგან ნებისმიერი ადამიანი ცალკეული ინდივიდია საკუთარი ცხოვრების წესით, ჩვევებითა და ფასეულობებით.