LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამბროლაურის აეროპორტი იქნება რაჭის გაცოცხლებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“

452

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის მსგავსი პროექტებით, მთავრობა რეგიონების მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ცდილობს, ასევე, რეგიონულ–გეოგრაფიულ ჭრილში ეკონომიკის განვითარების დივერსიფიცირებას აკეთებს.

გახარია დარწმუნებულია, რომ მსგავს პროექტებს სერიოზული შედეგები ექნება.

„ამ აეროპორტში ჩაიდო ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, ტერმინალის მშენებლობა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს და დღეს, 14 იანვარს ტერმინალი გაეშვა. ხვალიდან ამ აეროპორტში დაიწყება ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას. ბილეთის ღირებულება 50 ლარი იქნება“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს პროექტი არის რეგიონის გაცოცხლებისა და უფრო მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ყველას კარგად გვესმის, რომ აქ არის ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი და ასევე ბიზნესპოტენციალიც – დღეს ვიყავით მიკრომეწარმის ოჯახში, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში  დაიწყო განთქმული ხვანჭკარის ჩამოსხმა და უკვე ფიქრობენ ექსპორტზე გატანაზეც. რა თქმა უნდა, აეროპორტი და ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ზრდის მოქალაქების მობილობას, რომელიც ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი პროექტები გაგრძელდება. ეს ყველაფერი კეთდება ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდა“ – აღნიშნა მინისტრმა.

ამბროლაურის ახალი აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის – 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება, ხოლო პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღებისა და  ტერმინალის გაფართოების შესაძლებლობაც.. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

 

 

mazda magti 5g