ჟურნალი „სარკე“ მთელი საქართველოსთვის საყვარელი პატარა ბიჭუნას, ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ ინტერვიუს ბავშვის მამასთან, ზურაბ ჭიჭიკოშვილთან აქვეყნებს. ბატონი ზურაბი ჰყვება იმ ტკივილიანი ცხოვრების შესახებ, რომელიც მის შვილს აქვს… პატარას თირკმლის დაავადება მუცლად ყოფნის პერიოდსი დაუდგინეს, წლების წინ მას თირკმელი ბებიამ, დედის დედამ გადაუნერგა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მისი ცხოვრება სრულყოფილი გამხდარიყო.
ბიჭუნას მამა აღნიშნავს, რომ მისი ვაჟისთვის თირკმელი კიდევ უნდა გადაენერგათ, მაგრამ მოულოდნელად მას ინსულტი განუვითარდა, თითქმის ერთი თვეა, გონებაზე არ არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბიჭუნა ამჟამად 10 წლისაა.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ „სარკის“ ინტერვიუდან.
„10 წელია, მე და ჩემი მეუღლე ამ ბავშვს შევყურებთ და ცხოვრება გვასწავლიდა, როგორ უნდა მოგვევლო. ჩემი ცოლის დამსახურებაა, დღეს რომ ნიკუშა ცოცხალი გვყავს…
ყველა იმას გვეუბნება, რომ ყველაფერი ბავშვის ორგანიზმზეა დამოკიდებული. არანაირი იმედი, გარანტია და დაპირება არავისგან მიგვიღია… აქედან რომ გამოვძვრებით, ბელორუსიაში გვამური თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა სიაში ვართ და იქ მიგვყავს. ვერავინ გვეტყვის, როდის მოუწევს რიგი“.
როგორც ბავშვის მამა აღნიშნავს, ფული კლინიკაში უკვე გადარიცხული აქვთ, რადგან ხალხი და სახელმწიფო დაეხმარათ.
„ძალიან მხიარული ბავშვია, მაგრამ ბევრს ფიქრობს თავის პრობლემებზე. ხან ისეთ კითხვას დაგვისვამს. მოდიოდა და მეკითხებოდა, ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდა ჩემთვის თირკმელი, რა მოხდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიქრობდა, ნერვიულობდა, მაგრამ არ გამოხატავდა. წამოსცდა იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი თვითონაც ვერ მოძებნა“.
წყვილს ნიკოლოზის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს.
ამ ინტერვიუს საშუალებით ზურაბ ჭიჭიკოშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და სთხოვს, ირმა ჭოხონელიძეს, რომელიც მის შვილს ყურადღებას აქცევს, ბავშვების მკურნალობის უფლება მისცენ, რადგან ის ოჯახს პროფესიონალად მიაჩნია.