საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, შესაძლებლობების მიხედვით გამოიყენონ უნაღდო ანგარიშსწრორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, გამომდინარე იქედან, რომ როგორც ნებისმიერ საგანს, მათ შორის, ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიების და ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები.
“ასევე, შესაძლებლობების მიხედვით აირჩიეთ დისტანციიური საბანკო მომსახურება, რომელიც საქართველოში საკმაოდ განვითარებულია და თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ, ამ მიმართულებით, საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე ვართ. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ასევე ახორციელებს იმ ღონისძიებებს, რომელიც აპრობირებულია, ამ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში. მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
