საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის თქმით, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ.
ამის შესახებ საყვარელიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა.
„მას შემდეგ რაც განაწყენებული და გაგდებული იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა,“ – აცხადებს დავით საყვარელიძე.
ამავე გადაცემაში კი „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თავად არის „ის მეგობარი, რომელზეც საყვარელიძე საუბრობდა“.
ნიკა გვარამიას თქმით, ჟენევაში ლაშა ნაცვლიშვილმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მას ლაშა ნაცვლიშვილმა უთხრა, რომ ნიკას წინააღმდეგ აღძრული საქმე „მოგონილია“.
საუბარია იმ საქმეზე, რომელიც გვარამიას წინაღმდეგ აღძრული იყო 2013 წელს და რომელშიც საბოლოოდ გამართლდა.
„მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს… და მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.