გაზეთი „კვირის პალიტრა“ მამა გიორგი მამალაძის ჩვენების მცირე ფრაგმენტს აქვეყნებს, სადაც „ციანიდის საქმეში“ ბრალდებული იხსენებს, როგორ დააკავეს.
“გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი
ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე. ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში. ვკითხულობდი მიზეზს. საჭესთან ვინც იჯდა, იმან მითხრა, იცი, რისთვის ხარ დაკავებულიო? რისთვის, ამიხსენი-მეთქი, პირდაპირ მომახალა, შენ პატრიარქი უნდა მოგეწამლაო და მაშინ მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის. გაოგნებული ვიყავი. მიმიყვანეს პროკურატურის შენობაში, სანამ ეზოში ჩვენი მანქანა შევიდოდა, მანამდე ჯიპი შევიდა, მერე ჩვენც შევედით და მანქანა გაჩერდა. იმ ჯიპიდან გადმოვიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მეც გადმომიყვანეს მანქანიდან, ის მამაკაცი გამეცნო როგორც მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე…”
დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ამოიღეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.
“ის იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. ძველით ახალ წელს მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო”, – აცხადებს რამიშვილი.