საქართველოში 2020 წელს, შესაძლოა, რითეილერების, სავაჭრო ცენტრების და ბრენდების რაოდენობა ბაზარზე 40%-ით შემცირდეს. სექტორში არსებულ პრობლემებზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ „რითეულ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 20 მარტიდან დღემდე, ბრენდული მაღაზიების ზარალმა ათობით მილიონ ლარს მიაღწია.
ამასთან მაღალაშვილმა სავაჭრო ცენტრების გახსნის სავარაუდო თარიღზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღია სივრცეებში, რომელ მაღაზიებსაც ცალკე შესასვლელი აქვთ, შესაძლოა, ვადაზე ორი კვირით ადრე, ანუ მაისის თვეში გაიხსნას. სექტორი ამ საკითხზე სახელმწიფოს დადგენილებას ელოდება.
„ჩვენი მაღაზიები განლაგებული არის ღია სივრცეებში. მაგალითად, რუსთაველის გამზირზე არსებული სავაჭრო ცენტრი “მერანი”. იქ ჩვენი მაღაზია ქუჩის მხარეს არის ცალკე შესასვლელით. “ისთ ფოინთიც” პრინციპში არის ღია სივრცე, ყველა მაღაზიას ცალკე შენობა აქვს“, – აღნიშნა „რითეულ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა.
რამდენიმე დღის წინ, მაღალაშვილმა ონლაინ ვაჭრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რითეულ გრუპ ჯორჯიამ“ ზარალის შემსუბუქებისთვის, ონლაინ ვაჭრობის სერვისის ამოქმედება გადაწყვიტა, ანუ ბრენდული მაღაზიები, რომლებიც სავაჭრო მოლებში არიან განთავსებულნი, საკუთარ პროდუქციას ონლაინ პლატფორმაზე განათავსებენ და გაყიდიან. ეს პროცესი სავარაუდოდ 2 კვირაში დაიწყება.
მე შეგახსენებთ, რომ „რითეილ გრუპ ჯორჯია“ აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა : Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho და სხვები… ყველა აღნიშნული ბრენდის მაღაზია თბილისში მდებარე მოლებშია განთავსებული.