“ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა, ჩვენს კლინიკაში არავინ დაგვმატებია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 11 კოვიდინფიცირებულიდან 10-ის წყარო დადგენილია, ხოლო ერთის ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება.
“11 ახალი შემთხვევა დაგვემატა, აქედან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის მოძიება გრძელდება. ჩვენთან ამ ეტაპე 57 პაციენტი წევს, აქედან 54 დადასტურებული, ხოლო სამი შესაძლო შემთხვევაა. ამ სამის კვლევა დღეს დილას დასრულდება და გავარკვევთ გამოჯანმრთელდნენ თუ არა. ჩვენ ახალი პაციენტები არ გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობის დასტაბილიზება ვერ ხერხდება.
“კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას რაც შეეხება, გაფართოებული კვლევების დინამიკით მდგომარეობა გაურესებულია. აქედან გამომდინარე მისი დასტაბილურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისევ არის კრიტიკულად მძიმე, რომლის მდგომარეობა მართვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება დანარჩენ 7 პაციენტს მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და სტაბილურია. მთლიანობაში ჩვენთან, დღევანდელი დღის ჩათვლით, 130 პაციენტმა იმკურნალა, რომელთაგან 72 გამოჯანმრთელდა. უნდა აღვნიშნო, რომ პაციენტი ნომერი 5 გამოჯანმრთელდა”, – აცხადებს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.