საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის ფულადი დახმარება არ გაუცია, ამიტომ ოპოზიციისთვის მთავრობის დაპირებები ეჭვს იწვევს. ოპოზიცია მთავრობის მეთაურისგან სოციალური დახმარების საკითხებში კონკრეტულ გეგმას და ნაბიჯებს ითხოვს. გიორგი გახარიას დეპუტატებმა დღეს პარლამენტში 100-ზე მეტი კითხვა დაუსვეს და უმრავლესობა სოციალური დახმარების თემაზე იყო.
საქართველოს მთავრობის დაპირება, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მინიმალურ ფულად დახმარებას მიიღებდნენ, ჯერ არ შესრულებულა. ამ დროისათვის ჯერ მხოლოდ იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებმა გარკვეული სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. ოპოზიციის აზრით, თვითდასაქმებულთა უმრავლესობა ვერ მოახერხებს მსგავსი საბუთის წარდგენას, რაც ნიშნავს მათი დახმარების გარეშე დატოვებას. პრემიერს კითხვები სწორედ ამ მიმართულებით დაუსვეს. თინა ბოკუჩავას შეფასებით, მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი მიიღებს სოციალურ დახმარებას.
გიორგი გახარია აცხადებს, რომ კრიზისის დროს ვინც სამსახური დაკარგა და წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ყველა მიიღებს ფულად კომპენსაციას. პრემიერის განმარტებით, მთავრობას არ გაუცია პირობა კონკრეტულ ვადაზე, მხოლოდ ნათქვამი იყო, რომ დახმარებას 20 მაისის შემდეგ მიიღებდნენ.
“თანხების გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ კონკრეტულად რა რიცხვში გავცემდით. ვთქვით, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, 20 მაისიდან ეტაპობრივად დავიწყებდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.