LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს – რა ელის საქართველოს

122

თურქეთის რეფერენდუმის შედეგები საქართველოსთვის, შესაძლოა, არასახარბიელო იყოს, ამის შესახებ „ფორტუნასთან“ თურქოლოგმა სანდრო ბაკურაძემ განაცხადა, რომელიც ამჟამად ანკარაში ცხოვრობს.

მისი თქმით, თურქეთს მოუწევს ნატოსა და რუსეთს შორის „ორი კურდღლის დაჭერის თამაში“, რადგან თურქეთს არ აქვს საშუალება, ებრძოლოს დიდ ქვეყნებს და შესაძლოა, გადაერთოს წვრილმან პოპულიზმზე.

„აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, საქართველოს მუსულმანებით დასახლებულ რეგიონებში წვრილმანი პროვოკაციები,“ – აღნიშნავს ბაკურაძე.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ხატიაშვილი კი ამბობს, რომ გადაჭრით  რთული იქნება  თქმა, რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რეფერენდუმის შედეგები, თუმცა საქართველოსთვის ცალსახად  უკეთესია,  თუ მისი ყველა მეზობელი  ქვეყანა დემოკრატიული იქნება და არა არასტაბილური, ავტორიტარული რეჟიმი .

„მნიშვნელოვანია, რომ თურქეთთან შენარჩუნდეს სტაბილური ურთიერთობა, როგორც მეზობელ ქვეყანასთან და მთავარ სავაჭრო პარტნიორთან”- ამბობს გიორგი ხატიაშვილი.

 

რა ხდებოდა თურქეთში რეფერენდუმამდე

რეპრესიები.

ირაკლი ბაკურიძის თქმით, რამდენიმე ათასი სამოქალაქო პირი გაათავისუფლეს სამსახურებიდან –  მასწავლებლები, პროფესორები… ხელისუფლების მითითებით,  მათ კერძო სექტორიც კი არ ასაქმებს. რეპრესიები გაძლიერდა ქურთებით დასაქმებულ რეგიონებში, დაკავებულია 85 ქალაქის მერი.

 

 

რეალურად, მოიგო თუ არა რეფერენდუმი ერდოღანმა

16 აპრილს, რეფერენდუმის დღეს, დილიდანვე ქურთულ რეგიონებში საარჩევნო უბნებში ჯარი, პოლიცია და სასოფლო მილიციები ჩადგნენ, ხოლო ბევრგან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლები უბრალოდ დააპატიმრეს. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში “კარუსელები”, ქრთამი და მსგავსი დარღვევები ჩვეულებრივი ამბავი იყო. მიუხედავად ამისა, ჩანდა, რომ სიტუაცია ისე არ იყო, როგორც ზოგს უნდოდა და აი მაშინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2 მილიონამდე უბეჭდო და უხელმოწერო ბიულეტენი, მიუხედავად კანონმდებლობისა, ვარგისად ჩათვალა.

სანდრო ბაკურაძის თქმით, სწორედ ამ 2 მლნ-მდე ბიულეტენით შეძლო ხელისუფლებამ „გამარჯვება“.

დიდი ქალაქებიდან  სტამბოლი, ანკარა, იზმირი, ანტალია, დიარბაქირი, ვანი, მარდინი, მერსინი და ადანა  კონტიტუციური ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ, ბურსაში კი ერდოღანის მომხრეებმა მხოლოდ 4 პროცენტის სხვაობით გაიმარჯვეს.

ერდოღანმა რეფერენდუმი მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს უფლება, შეცვალოს ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა, გამოსცეს კანონები და ვეტო დაადოს პარლამენტის გადაწყვეტილებებს; აქვს უფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თავად შეადგინოს ბიუჯეტი, გამოსცეს ფირმანები პარლამენტის და ხალხის გვერდის ავლით, ისარგებლოს სრული საკანონმდებლო იმუნიტეტით სიცოცხლის ბოლომდე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად პრეზიდენტი ორი ხუთწლიანი ვადით შეიძლება აირჩეს, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, ვადა არ ჩაითვლება და პრეზიდენტს შეეძლება კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი.

 

რა მოხდება რეფერენდუმის შემდეგ

კვლავ რეპრესიები.

ბაკურაძე ვარაუდობს, რომ ერდოღანის მთავრობამ, საჩვენებლად, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლოს ციხიდან და აღადგინოს სამსახურში, თითქოს და შეცდომების აღიარების მიზნით, თუმცა, რეპრესიები მემარცხენე ძალებზე და ქურთებზე კვლავ გაგრძელდება. სანდრო ბაკურაძის თქმით,  ზეწოლა იქნება მემარჯვენე ნაციონალისტურ მოძრაობაზეც, რადგან სწორედ ეს არის თურქეთში ერთადერთი ძლიერი ძალა, რომელსაც ერდოღანის მომხრეების გადაბირება შეუძლია.

 

 

ხალხის რეაქცია რეფერენდუმის შედეგებზე

თურქოლოგის თქმით,  გამოსვლები ანკარაში თითქმის არ არის, იმართება მხოლოდ წვრილმანი დემონსტრაციები.  თუმცა, აღნიშნავს, რომ დიდად შედეგებს არც გამარჯვებული ძალები ზეიმობენ.

 

ჟურნალისტები და რეფერენდუმი

სანდრო ბაკურიძე ამბობს, რომ თურქეთში რამდენიმე წვრილი ოპოზიციური მედიასაშუალებაა შემორჩენილი, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მედიასაშუალების თანამშრომლები კი გაუგებარი ბრალდებით დღემდე ციხეში არიან.

ამ მხრივ, ბაკურაძის განცხადებით, მედიაში ოპოზიციის ხმა ნაკლებად ისმის და ეს საკითხი ერდოღანმა „რეფერენდუმამდე მოაგვარა“.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g