20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ. საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურება ისჯება კანონით – „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმებენ.
„თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. თავდაპირველად – ორი კვირის განმავლობაში ისინი ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. თუკი ვინმე ნაგავს ძირს დაყრიდა, დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ – სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად:
- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
- 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
- ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
- ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
- ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
- სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
ფიზიკური პირი -400 ლარით; იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.