ცნობილი ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა fortuna.ge-სთან საუბრობს, თუ რამდენად უსაფრთხოა 18–საათიანი შიმშილის რეჟიმი.
ლაშა უჩავა განმარტავს, რომ 18–საათიანი შუალედი კვებასა და კვებას შორის შეიძლება უსაფრთხო იყოს, თუკი ის ექიმთან შეთანხმდება, რადგან აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა:
„18–საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ–ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, ეს იქნება წონის კლების თვალსაზრისით თუ სხვა დაავადების სამკურნალოდ, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა“ – ამბობს უჩავა.
კითხვაზე, ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში ამგვარი მიდგომა, გვიპასუხა:
„არა. მას აქვს თავისი სამკურნალო დანიშნულება, მაგრამ თუ ორგანიზმში მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესი, ყოველი ტიპის არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პათოლოგიების პროვოცირება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო კვების დაცვა, რადგან ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ბერძენი ფილოსოფოსი ამბობდა: „ყველაფერი სამკურნალოა და ყველაფერი საწამლავი, მთავარია, ვიცოდეთ წესები და დოზირება“ – ამბობს სპეციალისტი.
