1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერების პენსია 30 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, მთაში პენსიონერების ხელფასი 300 ლარით განისაზღვრა.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიუჯეტის შევინარჩუნეთ პენსიების ზრდა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა წლის დასაწყისიდან. წლის დასაწყისში ეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად სხვა იყო.
შენარჩუნებული მექანიზმებით 70 წლის ასაკს ზემოთ პენსიონერებისთვის 1 ივლისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება და მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტს მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. მინდა გითხრათ, წელს დამატებით 58 სოფელს მივანიჭეთ ეს სტატუსი და დღეის მდგომარეობით 1800 პუნქტს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი“, – აღნიშნა პრემიერმა.
გახარიას თქმით, მთავრობამ იმუშავა და ყველა რისკი, რომელიც შეიძლება ინფექციასთან დაკავშირებით არსებობდეს, გადაზღვეულია.
„ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავრთეთ დაზღვევის მექანიზმები, რომელიც გარანტირებულად ყოველწლიურად პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წლის ზემოთ პენსიონერებისათვის ეკონომიკური ზრდის 80% -ის მაჩვენებელთან. არის დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები და არც ერთ შემთხვევაში ნებისმიერი ინფლაციის პირობებში, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს – 70 წლამდე, ხოლო 70 წლის ზემოთ – 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია გააკეთოს გარანტირებულად პენსიონერებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.