ევროკომისია იმ რამდენიმე პირობას ასახელებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსაც მოუწევთ, იმისთვის, რომ შენგენის ზონაში იმოგზაურონ.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აუცილებელად შეფასდება ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, თუ რამდენად არის მზად ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. კიდევ ერთი პირობა არის საზღვრების გახსნა ევროკავშირის მოქალაქეთათვის. ანუ, ევროკომისია ითხოვს საზღვრების გახსნას იმ ქვეყნების მხრიდანაც, რომელთათვისაც ისინი საზღვრებს ასევე გახსნიან: „ჩვენ თუ ვხსნით საზღვრებს, მაშინ ჩვენც ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც გაიხსნება საზღვრები“.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის საზღვრების გახსნა პირველი ივლისიდან დაიწყება .
აღნიშნულ საკითხზე გუშინ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც ისაუბრ. მისი თქმით, „ძალიან რთულია ახლა იმის თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი ტურისტული გეოგრაფია, რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს, ველოდებით ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას“.
„ვითარება ძალიან დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია. რაც მთავარია, ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება ძალიან კარგად გვაქვს შესრულებული, ანუ აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ქვეყნებზე, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგად იყო მართული. ახლა ველოდებით რამდენიმე რამეს, მთავარი არის, რომ თვითონ ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს, როგორ რეჟიმში იქნებიან, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთიან მიდგომებს შეიმუშავებენ არაევროპული სახელმწიფოებს მიმართ, ვისთანაც ხსნიან საზღვრებს, ალბათ ამ თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა მესამე ქვეყნების მიმართ“, – განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.