კომპანიის „Responsible Travel“ დაკვეთით, YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის საფუძველზე, ის ევროპული მიმართულებები გამოვლინდა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოგზაურებისთვის შვებულებას უფრო მარტივს, ინკლუზიურსა და ნაკლებად დამთრგუნველს ხდის.
აღნიშნულ სტატიაში შშმ პირები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე იმ ქალაქებს უწევენ რეკომენდაციას, რომლებიც საუკეთესოა მოგზაურობაში მეტი თავდაჯერებულობის შესაძენად.
კერნგორმსი, შოტლანდია
მოგზაური კერენ დარკი 21 წლის ასაკში კლდეზე ცოცვისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გახდა პარალიზებული. მას შემდეგ მან მოიპოვა ოქროს მედალი 2016 წლის რიოს პარალიმპიურ თამაშებზე, სპეციალური ციგით გადაკვეთა გრენლანდია და ხელის ამძრავიანი ველოსიპედით იმოგზაურა კანადიდან მექსიკამდე.
„კერნგორმსი ადასტურებს, რომ გარე აქტივობები, თავგადასავლები და ხელმისაწვდომობა ნამდვილად თავსებადია“, – ამბობს დარკი. ეროვნული პარკი შოტლანდიაში მის სახლთან ახლოს მდებარეობს და დარკის თქმით, ის იდეალური ადგილია ინკლუზიური საოჯახო დასვენებისთვის.
იგი რეკომენდაციას უწევს მოგზაურობის დაწყებას როტიმერკუსის ვიზიტორთა ცენტრიდან. „ეს არის შესანიშნავი ჰაბი ადაპტირებული ბილიკებით ულამაზეს კალედონიურ ფიჭვნარში“.
დარკი ასევე გამოყოფს კერნგორმის მთას, რომელზე მოხვედრაც ფუნიკულიორის რკინიგზით არის შესაძლებელი. ზამთარში აქ, ორგანიზაციის „Disability Snowsport UK“ დახმარებით, ადაპტური თხილამურებით სრიალითაც შეგიძლიათ შეიქციოთ თავი.
სად დავრჩეთ? კერენ დარკი რეკომენდაციას უწევს Badaguish Outdoor Centre-ს, სადაც დაგხვდებათ კომფორტული კოტეჯები და Glenmore Lodge-ს, ადაპტირებული საცხოვრებლითა და შშმ პირებზე მორგებული აქტივობების საკუთარი პროგრამას. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაციას „Able2Adventure“ ადაპტირებული სამთო ველოსიპედისთვის, ჰენდბაიკინგისთვის და სხვა აქტივობებისთვის.
გოტებორგი, შვედეთი
რეიჩელ ნაფზგერი უსინათლოა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ემოგზაურა მთელ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. იგი რეკომენდაციას უწევს ქალაქ გოტებორგს, რომელმაც 2014 წელს შშმ პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ევროკავშირის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
„იქ ყველაფერი საოცრად მშვიდი, ღია და უსაფრთხო იყო“, – ამბობს რეიჩელი. „გზად შემთხვევითი გამვლელებისთვის კითხვის დასმა არასდროს მიჭირდა და ყოველთვის ვგრძნობდი მათ მზაობას, დამხმარებოდნენ“.
რეიჩელი გოტებორგის სატრანსპორტო სისტემას „ბრწყინვალეს“ უწოდებს და აღნიშნავს: „ტრამვაის გამართული და შესანიშნავი ქსელი მიადვილებდა ორიენტაციას და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას მაძლევდა“.
მიუხედავად იმისა, რომ ნაფზგერი სპეციალიზებულ კომპანიებთან ერთად მოგზაურობას ან სანდო მეგობრის თანხლებას გვირჩევს, იგი მოგზაურებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის ადგილობრივებსაც მიმართონ. მისი თქმით: „გზად ადამიანებთან ინტერაქცია არა მხოლოდ გეხმარებათ, უკეთ შეიგრძნოთ ქალაქის ნამდვილი ხასიათი, არამედ ეს პროცესი ხშირად საუკეთესო სამოგზაურო ისტორიების დასაწყისიც ხდება!“
ბერლინი, გერმანია
მოგზაურობით გატაცებული პოლ მაჰონი, რომელიც ეტლით გადაადგილდება, ბერლინით იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ ქალაქს სამჯერ ეწვია და იქ გამართულ ნახევარმარათონშიც კი მიიღო მონაწილეობა.
„ბერლინი შშმ პირებზე მორგების თვალსაზრისით ნამდვილად აწესებს სტანდარტს ქალაქებისთვის“, – ამბობს იგი. პოლი რეკომენდაციას უწევს რაიხსტაგს, სადაც პანდუსების წყალობით დაუბრკოლებლად გადაადგილებაა შესაძლებელი, ასევე ბერლინის კედლის მემორიალსა და ბრანდენბურგის ჭიშკარს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოკოსტის მემორიალის „სტელების ველის“ (Field of Stelae) ზოგიერთი მონაკვეთი, შესაძლოა, რთულად გასავლელი აღმოჩნდეს, პოლი ეტლით მოსარგებლეებს მოუწოდებს, ამ ბარიერმა გული არ აუცრუოთ.
მაჰონი ბერლინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც აქებს და აღნიშნავს, რომ ის მეგობრულია ეტლით მოსარგებლეებისთვის. განსაკუთრებით გამოყოფს საექსკურსიო ავტობუსებს (hop-on-hop-off sightseeing bus). პოლის თქმით, ქალაქგარეთ მატარებლით მგზავრობაც კი მინიმალურ სირთულეებს ქმნის.
ამსტერდამი, ნიდერლანდები
კერი-ენ ლაიტლი მრავალი ჯილდოს მფლობელი მოგზაური ბლოგერია. მისთვის ამსტერდამი იმ მცირერიცხოვან ქალაქთაგან ერთ-ერთია, რომელსაც რეგულარულად უბრუნდება, რადგან, როგორც თავად ამბობს, „აქ ადაპტირება მეორეხარისხოვან, ბოლო მომენტში მოფიქრებულ საკითხად არ აღიქმება“.
„იქ ყოფნა მართლაც მარტივია, – აღნიშნავს კერი – ქალაქი არის ვაკე, კომპაქტური და ბევრად იოლია დამოუკიდებლად გადაადგილება, ვიდრე სხვა ისტორიულ ევროპულ ქალაქებში. უდიდეს განსხვავებას ქმნის შშმ პირებზე ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, განსაკუთრებით ტრამვაები და მატარებლები, ხოლო Eurostar-ის მატარებლით მგზავრობა ხსნის იმ სტრესსა და გაურკვევლობას, რაც ხშირად ფრენას ახლავს თან“.
ლაიტლი შშმ პირებს ურჩევს ამსტერდამის ცენტრალურ სადგურთან ახლოს დაბინავებას. ასევე, ქალაქის არხებზე კომპანიის „Blue Boat Company“ ადაპტირებული გემით გასეირნებას, რაც, მისი თქმით, არის „ბრწყინვალე შესაძლებლობა ქალაქის შესახებ შთაბეჭდილების შესაქმნელად ენერგიის დაკარგვის გარეშე, რასაც მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავალ ქუჩებში გადაადგილება მოითხოვს“.
იგი ასევე რეკომენდაციას უწევს რეიკსმუზეუმსა (Rijksmuseum) და ვან გოგის მუზეუმს, ადაპტირებულობის მაღალი სტანდარტებისა და მარტივი განლაგებისთვის. თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, კერი-ენი გარწმუნებთ, რომ ამსტერდამი „საუკეთესო მიმართულებაა მოგზაურობაში თავდაჯერებულობის ასამაღლებლად“.
კატანია, სიცილია, იტალია
დამიანო ლა როკა დამფუძნებელია კომპანიისა „Seable“, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს აორგანიზებს. მისი თქმით, კატანიის ადგილობრივმა ტურებმა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება შთამბეჭდავ, ბარიერებისგან თავისუფალ გამოცდილებად გადააქციეს.
ქალაქი მდიდარია „სენსორული“ შეთავაზებებით, იქნება ეს ქუჩის საკვები, სიცილიური ნაყინი, ხრაშუნა კანოლი, ღვინის დეგუსტაცია, თუ თუნდაც თევზის ბაზრის ხმაური და სპეციფიკური სურნელი. ლა როკა განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს ტაქტილურ მუზეუმს (Tactile Museum), რომელიც, მისი თქმით, „საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში და სადაც წარმოდგენილია სიცილიის ისტორიული შენობების დეტალური, სამგანზომილებიანი (3D) მასშტაბური მოდელები“.
დამიანო ლა როკას მიაჩნია, რომ აუცილებლად გამოსაცდელი აქტივობაა ვულკან ეტნაზე ადაპტირებული ტური. როგორც ირკვევა, შშმ პირებს მწვერვალამდე მისასვლელად შეუძლიათ გამოიყენონ როგორც საბაგირო გზა, ისე ადაპტირებული 4×4 ჯიპი.
სიცილიაში ექვსდღიანი, ინდივიდუალური მოგზაურობის ღირებულება ერთ ადამიანზე 2134 ევროდან იწყება და მოიცავს სასტუმროში განთავსებას (საუზმით), აქტივობებსა და „Seable“-ის მიერ გადამზადებული, მხედველი გიდის თანხლებას დღეში 8 საათის განმავლობაში.
