უსიერი ტყეების ზემოთ, მთის წვერზე აღმართული ციხესიმაგრეები და შუა საუკუნეების სოფლები, რომლებიც საშობაო ილუმინაციების შუქზე კაშკაშებენ – საგულდაგულოდ აგებული კინოდეკორაციებისგან განსხვავებით, ეს რეალური ადგილებია, სადაც ადამიანები კვლავინდებურად ცხოვრობენ და შრომობენ.
სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ევროპის ზღაპრული მიმართულებების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მოგზაურთა და ექსპერტთა გამოკითხვის შედეგად შემდგარი ეს სია აერთიანებს როგორც ცნობილ, ისე ნაკლებად ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც ფენტეზის ჟანრის რომანიდან გადმონაცვლებულებს ჰგვანან.
კონტინენტის მასშტაბით შერჩეული 4200-ზე მეტი ადგილიდან, სია 68-მდე შემცირდა ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა ისტორია, ატმოსფერო, ორიგინალურობა, კულტურა და ვიზიტორთა საერთო შთაბეჭდილება.
რეიტინგის პირველი პოზიცია დასავლეთ გერმანიაში, ტყით დაფარულ ბორცვებში ჩამალულმა ელცის ციხესიმაგრემ დაიკავა, რომელიც მართლაც ისე გამოიყურება, თითქოს საბავშვო წიგნის ფურცლებიდან გადმოსულიყოს. მოზელის ხეობის თავზე აღმართული შუა საუკუნეების ეს ციხესიმაგრე 850 წელზე მეტია ერთი და იმავე ოჯახის საკუთრებაა. მისი ზღაპრული კოშკები და გუმბათები მთავარი მიმზიდველობაა, თუმცა შიგნით შესვლისას თქვენ იხილავთ მდიდრულად მოწყობილ ოთახებს, აბჯარს, საუკუნოვან გობელენებსა და ვერცხლის ნაკეთობებს, რომლებიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ციხესიმაგრეში ცხოვრების სულისკვეთებას აცოცხლებს.
რეიტინგის პირველ ხუთეულში ასევე მოხვდა: მონ-სენ-მიშელი (Mont-Saint-Michel, საფრანგეთი), ტოსა დე მარი (Tossa de Mar, ესპანეთი), ბნელი ხეივანი (The Dark Hedges, ჩრდილოეთ ირლანდია) და რიგა (ლატვიის დედაქალაქი).
