LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2026 წელს

126
სარაევო

ავიაბილეთებზე ფასების ამჟამინდელი ზრდის ფონზე, მოკლე დისტანციებზე ხანმოკლე მოგზაურობები (ე.წ. city breaks), სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულს ევროპაში ტურისტულ ტენდენციად იქცევა, რადგან დამსვენებლები ძვირად ღირებულ, შორ მანძილზე მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი ალტერნატივებით ანაცვლებენ.

პლატფორმის „Post Office Travel Money“ მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში დეტალურად არის ასახული, რომელი ევროპული ქალაქი სთავაზობს მოგზაურებს საუკეთესო და ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელ ფასებს დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ.

ანგარიშში გაანალიზებულია 50 ქალაქის მიხედვით ორი ადამიანისთვის გათვალისწინებული 12 ყოველდღიური ტურისტული პროდუქტის ღირებულება. იმისათვის, რომ მოგზაურებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ, თუ რეალურად რა შეიძლება დაუჯდეთ ამა თუ იმ ქალაქში დასვენება, კვლევა დაეყრდნო ისეთი სამომხმარებლო პროდუქტებს, როგორიცაა: ერთი ფინჯანი ყავა, ერთი ბოთლი ლუდი, ერთი ქილა კოკა-კოლა ან პეპსი, ერთი ჭიქა ღვინო და ორ პერსონაზე გათვლილი სამკერძიანი ვახშამი ადგილობრივი წარმოების ღვინის თანხლებით.

კვლევაში გათვალისწინებული იყო სატრანსპორტო ხარჯებიც, მათ შორის აეროპორტის ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობის ღირებულება, 48 საათიანი სამგზავრო ბარათის, ქალაქის საექსკურსიო ავტობუსის ტურის საფასური, ასევე, მუზეუმებისა და გალერეების ბილეთების ფასები და სამვარსკვლავიან სასტუმროში ორი ადამიანის ორი ღამით განთავსების ღირებულება.

ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო ფასისა და ხარისხის თანაფარდობის რეიტინგში კვლავ აღმოსავლეთ ევროპა დომინირებს – ათეულში რვა პოზიცია სწორედ ევროპის ყველაზე ბიუჯეტურ ქალაქებს უკავია.

2026 წელს, რეიტინგის ისტორიაში პირველად, ხანმოკლე მოგზაურობისთვის ევროპის ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად სარაევო დასახელდა, სადაც ბარომეტრით განსაზღვრული 12 კომპონენტის ჯამურმა ღირებულებამ 248 გირვანქა სტერლინგი (287 ევრო) შეადგინა.

დაბალი საერთო ხარჯის გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია ხელმისაწვდომი საცხოვრებლით, იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ღირსშესანიშნაობების მოსანახულებელი იაფი ბილეთებით, სარაევო შეფასებულია, როგორც იდეალური ქალაქი იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ „მდიდარ კულტურას, ისტორიასა და გასტრონომიას მაღალი ფასების გარეშე“.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქთან ერთად, ხანმოკლე მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში ასევე მოხვდა: ბუქარესტი (რუმინეთი), ტირანა (ალბანეთი), ბელგრადი (სერბეთი), ტრენჩინი (სლოვაკეთი), რიგა (ლატვია), ლილი (საფრანგეთი), ვილნიუსი (ლიეტუვა), სტრასბურგი (საფრანგეთი), პოდგორიცა (მონტენეგრო).

რაც შეეხება ხანმოკლე მოგზაურობისთვის ყველაზე ძვირ ქალაქებს, ათეულში მოხვდა: ოსლო (ნორვეგია), კოპენჰაგენი (დანია), ედინბურგი (შოტლანდია), ჟენევა (შვეიცარია), ბარსელონა (ესპანეთი), დუბლინი (ირლანდია), ამსტერდამი (ნიდერლანდები), კორკი (ირლანდია), ვენეცია (იტალია), მადრიდი (ესპანეთი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g