ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. მათივე ცნობით, AzRusTrans-მა უკვე მიიღო შეთავაზება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთის გადატანას გულისხმობს. AzRusTrans-ის თავმჯდომარის განცხადებით, გარკვეული წინადადებები მიიღეს უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან.
“უკვე მივიღეთ უზბეკეთიდან წინადადება პოლიმერის გადაზიდვაზე. ამჟამად უზბეკეთს ტვირთი ევროპაში ნოვოროსიისკისა და რიგის პორტებიდან გააქვს. ამიტომ, ბაქო-თბილისი-ყარსი მისთვის უფრო მომგებიანია”, – აღნიშნავს AzRusTrans-ის თავმჯდომარე,
შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებით შენდება. მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია. აღნიშნული პროექტისთვის აზერბაიჯანს საქართველოსთვის უკვე 630 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის მეორე ნახევრიდან უნდა შევიდეს.