LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, გარევაჭრობა აღარ იქნება

67

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია ,,თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე საქმიანობის გაგრძელება 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეუძლიათ.

,,მიმდინარეობს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ხისა და რკინის კონსტრუქციებისგან, რომლებიც განკუთვნილი იყო გარევაჭრობისთვის. დღეიდან გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართებს ვარკეთილის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრობებზე იგივე პირობებით, რომ 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას“, – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

დედაქალაქის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ის ბაზრობები და ორგანიზებული სავაჭრო სივრცეები, რომლებიც ერთიანდებიან ბაზრობების ასოციაციაში, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს სთავაზობენ. იმ ტერიტორიებზე მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი, სადაც გარევაჭრობა დარეგულირდა, სამეწარმეო საქმიანობას უკვე სავაჭრო სივრცეებსა და ბაზრობებზე აგრძელებს.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

magti 5g