LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობის სახლი, რომელიც “კორონას წყალობით” ბიზნესად გადაიქცა – ლია დეიდა არგვეთიდან

1128
104160316-122769906123849-4989744185294766272-n

დასავლეთისკენ დასასვენებლად თუ საქმიანი ვიზიტით წასულებს, გზად შეგიძლიათ ახალ საოჯახო სამზარეულოს ესტუმროთ. ლია დეიდა ამ საოცარ გარემოში იმერული კერძებით მასპინძლობს შორ გზაზე მიმავლებს.

სოფელ არგვეთში, საოჯახო სამზარეულო სულ ერთი კვირაა გაიხსნა, თუმცა ყოველდღიურად სტუმრებს უკვე იღებს.

ვინტაჟურ გარემოში, დამსვენებელს სუფთა ჰაერით, ნატურალური პროდუქტებით, გემრიელი კერძებით და იმერული სტუმართ-მასპინძლობით ხვდებიან.

 

ბავშვობის სახლი

ლია დეიდას შვილი “ფორტუნასთან” ყვება, როგორ დატოვა ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულმა თბილისი, დაბრუნდა არგვეთში და  მისი ბავშვობის საცხოვრებელი სახლი, პანდემიის დროს, საოჯახო ბიზნესად აქცია.

“მე და ჩემს და-ძმებს სულ გვინდოდა, რომ აქ ასეთი რამ გაგვეკეთებინა. დედაჩემი სულ ასე ალამაზებს სახლს და გვეგონა, რომ ეს საინტერესო იქნებოდა სხვებისთვისაც. ამდენი წლის მერე, როგორც იქნა, ჩანაფიქრის განსახორციელებლად მოვიცალე, კორონას გამო. ეს იმერული, ოჯახური სამზარეულოა. ინტერიერიც დედაჩემის გაკეთებულია და კერძებსაც ის ამზადებს” – ამბობს გიორგი ჟორჟოლაძე.

 

 

პირველი სტუმრები

“გავხსენით თუ არა ჩვენი სივრცე, მეორე დღეს ბათუმისკენ მიმავალმა ოჯახმა გამოგვიარა. როგორც გვითხრეს, ჩვენს შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს. რა თქმა უნდა, მათ უკანა გზაზეც შემოგვიარეს”, – ყვება გიორგი და ლია დეიდას ოჯახურ სამზარეულოში ეპატიჟება ყველას, ვინც მათ გზაზე გაივლის.

“ვინც აღმოსავლეთიდან მიდის დასავლეთში ან პირიქით, ოჯახები, მეგობრები, ვისაც სურს გემრიელი, იმერული სამზარეულოს დაგემოვნება, ოჯახური გარემო და სადილის შემდეგ მწვანე ეზოში გაშლილ ჰამაკებში მოსვენება, ყველას შეუძლია გვესტუმროს”, – ამბობს გიორგი “ფორტუნასთან”.

სამომავლო გეგმები

“ორი სივრცე გვაქვს. ჯერჯერობით ამ ვინტაჟურ გარემოში მხოლოდ 6 მაგიდაა. ბევრი გვეკითხება შეუძლიათ თუ არა დარჩენა. ერთი ოთახი გვაქვს უკვე მოწყობილი, თუმცა მომავალში გვინდა ჰოსტელის მსგავსი მოსასვენებელიც გავაკეთოთ.

“რამდენიმე ოთახი მაინც უნდა მოვაწესრიგოთ, რომ სტუმრები მივიღოთ. დაინტერესებაა ძალიან დიდი, თუმცა მხოლოდ ერთი ოთახის ხარჯზე ვერ ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ სტუმრებს დარჩენა შეუძლიათ”.

ლია დეიდასთან მოხვედრა ზესტაფონიდან საკმაოდ მარტივია. ავტობანიდან სულ 3-4 წუთის გზაზეა. ჭიშკარს კი, რომლის შიგნითაც ეს სილამაზე იმალება, ადვილად ამოიცნობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g