გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მზია ქასრაშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ვახო ახვლედიანმა დაინახა, როგორ მისდევდა რამდენიმე პირი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს.
ადვოკატი აცხადებს, რომ ახვლედიანმა არაგვის მახლობლად, ხევში მიმალვა შეძლო.
„დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი ნივთის მსგავსი საგნით დარტყმა. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. არ ვიცით, რას დაადგენს ექსპერტიზა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება: როდესაც ისინი გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და შემდეგ ამირხანაშვილი. გიორგი შაქარაშვილი სწრაფი ნაბიჯებით პირდაპირი მიმართულებით მიდის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სადაც ვიპოვე ბეტონის ფილა ჩავჭერი გზა, იქვე ჩავედიო. ვახო ახვლედიანი ამბობს, რომ მათ მისდევდნენ და თავის გადასარჩენად მირბოდნენ ეს ბიჭები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მთლიანად დაჩხაპნილი ბუჩქებითა და ეკლებით. ის ამბობს, რომ დამალული იყო 30-35 წუთი. იმასაც ამბობს, რომ ესმოდა ხმები – სად წახვედითო და გინება. 10-15 წუთი გრძელდებოდა გინება. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, გიორგის მისდევდა არა ერთი ადამიანი“, – ვახო ახვლედიანის ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული სპორტსმენის, მოჭიდავე გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„გიგა ტატიაშვილს მეგობრებმა სთხოვეს და იძულებული გახდა დახმარებოდა, თუმცა მას მხოლოდ მძღოლის ფუნქცია ჰქონდა. ჩვენ ვასაჩივრებთ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მასალები ჩაგვბარდა გვიან ღამით. კითხვის ნიშნები სულ უფრო იმატებს. კაცი, რომელიც ევროპის ჩემპიონია, სიმაღლეში არის 190 სმ და 140 კგ, ნაკლებად სავარაუდოა, რამე მილით სიარული სჭირდებოდეს. როდესაც ის მცხეთისკენ დაიძრა, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა შურისძიებაზე. გიგა ტატიაშვილი პირველ კონფლიქტში არ მონაწილეობდა და მას მოტივაცია არ აქვს შურისძიების. ის არ ჩარეულა კონფლიქტში. მონაწილეობა მას არ მიუღია არც კონფლიქტში, არც ორგანიზებაში“, – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.