LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ მომხდარიყო გამოძახება, პატრულიც მივიდოდა”: რაზე მეტყველებს ფოტოგრაფის აუღელვებელი ხმა – ფსიქოლოგისა და ადვოკატის შეფასება

4107
BeFunky-collage - 2020-07-07T165903.742

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვა 112-ის ჩანაწერი, სადაც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე – ფოტოგრაფი შველას ითხოვს. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ იოსებ ბრეგვაძემ, მას შემდეგ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებას თავი აარიდა და გაიქცა, ჯერ სატელეფონო ზარი განახორციელა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გააუქმა. ადგილზე დაგვიანებით მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს რეალური მდგომარეობა დაუმალა და თბილისის მიმართულებით სამართალდამცავთა ეკიპაჟს გამოჰყვა.

„ჩხუბი მოხდა, მალე მოდით“: შსს-მ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაასაჯაროვა (აუდიოჩანაწერი)

აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით ” ფორტუნასთან” საუბარში ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა აცხადებს, რომ უწყების მხრიდან რეაგირება დაგვიანებული იყო, თუმცა მისივე განმარტებით ეჭვს იწვევს თვითონ ფაქტიც – საერთოდ განხორციელდა თუ არა შეტყობინების გადაცემა.

“როდესაც 112-ში ზარი შედის და არა აქვს მნიშვნელობა შინაარსს, ოპერატორი გადასცემს ე.წ. რაციით და ესმის საქართველოს მასშტაბით ყველას, ვინც იმ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს. გამორიცხულია შეტყობინება ოპერატორს გაეგზავნა და ვინმეს არ მოესმინა. წვრილმან რაღაცეებზე რეაგირებენ და მსგავს შემთხვევას გულგრილად არ მოეკიდებოდნენ. თან ბავშვი ეუბნება, რომ 10 მოწინააღმდეგეა. 10 ბიჭი საცეკვაოდ კი არ იყო იქ მისული და უნდა გაეაზრებინა ოპერატორს რა სიტუაციაც იქნებოდა. საბედნიეროდ გვაქვს ისეთი ტექნიკა, რომლის საშუალებით შესაძლებელია პიროვნების პოვნა ტელეფონის მიხედვით. ლოკაციის დადგენა უსწრაფესად იყო შესაძლებელი, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა დროული და ზუსტი, ამიტომ თუ მართლა განხორციელდა იმ საღამოს ეს ზარი, ოპერატორის შეტყობინებას ყველა გაიგებდა, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს ასეა. რომ მომხდარიყო გამოძახება, გამორიცხულია იმ ლოკაციაზე მყოფ ვინმეს არ გაეგო და არ მისულიყო. რომ მოესმინათ ე.წ. რაციით, რეაგირება აუცილებლად მოჰყვებოდა”, – აცხადებს ცოტნე ტყებუჩავა.

ადვოკატის თქმით, 25-წლიანი გამოცდილება აძლევს საშუალებას იყოს კარგი ფსიქოლოგიც. მისივე თქმით, შსს-ს გავრცელებული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ზარის ავტორის, მოზარდის ხმაში შეიმჩნევა შიში, საუბრობს ჩურჩულით, სავარაუდოდ იმალება – უწყებამ კი მსგავსი სიტუაცია შესაბამისად ვერ შეაფასა.

რამდენად შესაძლებელია მოზარდის მდგომარეობის განსაზღვრა ხმის მიხედვით? ფსიქოლოგი აცხადებს, რომ საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პიროვნების ფსიქოტიპზე. ნათია წერეთელი განმარტავს, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რეაგირება განსხვავებულია, ამიტომ შესაძლებელია მოზარდმა შიში ან სხვა საშიშროება გამოხატოს გაქცევით ან მშვიდად, აუღელვებლად. ფსიქოლოგის თქმით, შსს-ს მიერ გუშინ გასაჯაროვებული 112-ის სატელეფონო ჩანაწერი არა მხოლოდ ფსიქოლოგის, არამედ სპეციალისტი ექსპერტის ღრმა კვლევის თემაა.

“მოზარდი, რომელიც შიშის ან სტრესის ქვეშ იმყოფება, ზოგადად ხმაში შფოთვა შეინიშნება, ფსიქოტიპზეა დამოკიდებული, თუ მშვიდია, შეიძლება უფრო დაბალ ხმაზე საუბრობდეს, ვიდრე ჩვეულებრივ საუბრობს. ინდივიდუალურია, ყველა ადამიანი ერთნაიარად არ გამოხატავს, რეაგირება განსხვავებულია. ობიექტური იქნება შეფასება მაშინ თუ პიროვნების ფსიქოტიპი ცნობილია. აქ არის თავდაცვის რეაქცია, რომელიც ასევე სხვადასხვაგვარია ანუ რა სტრატეგიას ირჩევს პიროვნება. ეს იმდენა სერიოზული თემაა, სპეციალისტი, ექსპერტი სჭირდება. ეს გამოძიების საქმეა. უბრალო ფსიქოლოგიური კვლევა კი არა, არამედ ექსპერტული, ღრმა და ყველა კომპონენტის გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს. სტრესზე რეაგირება ინდივიდუალურია, ამიტომ ძნელია იმის თქმა კონკრეტული პიროვნება კონკრეტულ ფაქტზე როგორ რეაგირებს”, – აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი ნათია წერეთელი.

magti 5g