თბილისში 2020 წლის ივნისის თვეში 2,117 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის ორნახევარჯერ ზრდაა. ინფორმაციას recov.ge ავრცელებს.
„2019 წლის ივნისის თვესთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 37%-ით არის შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ბაზრის აღდგენის ტენდენცია ივლისშიც გაგრძლედება, რაც ნაწილობრივ განპირობებული იქნება ივლისში ამოქმედებული სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით“, – წერს recov.ge.
რაც შეეხება ფასებს, როგორც recov.ge იუწყება, ამ მონაკვეთში ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.
ფასების შემცირება რისკს უქმნის დეველოპმენტების შიდა განვადებებს. განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე არსებულ დეველოპმენტებს და იმ კონტრაქტებს, რომლებიც მცირე ავანსითაა ნაყიდი. „დეველოპერების ნაწილთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, მყიდველების მხრიდან განვადების გადახდები შემცირებულია. ამის დარეგულირება შეიძლება დეველოპერების მიერ მომხმარებლებისთვის მშენებლობის გეგმიურად გაგრძელების ჩვენებით. აღნიშნულში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ბანკებს. თუ დაფინანსება სტაბილურად გაგრძელდება და დეველოპერები შეძლებენ მშენებლობის შეუფერხებელ გაგრძელებას, მომხმარებლებიც დაინახავენ, რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მათაც გააგრძელონ შიდა გადახდები“, – წერია recov.ge-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.