LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას ტუჩის ხელოვნურად გადიდება

3748

სექსუალურად დაბერილი ტუჩების ნაცვლად შესაძლოა დაქვეითებული მეხსიერება და გაორებული მხედველობა მიიღოთ.

სილამაზის სალონებში დამკვიდრებული ე ვიტამინით ტუჩის გადიდების პრაქტიკა ჯანმრთელობისთვის საშიშია. სალონები მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად ”ტუჩის დაბერვას” სთავაზობენ – ე ვიტამინი ტუჩში ინექციის სახით შეჰყავთ.

”ე ვიტამინი არათუ ინექციის სახით, გარედან წასასმელადაც ძალიან საშიშია. სინამდვილეში ტუჩი კი არ იბერება, სივდება, ტუჩთან ერთად სივდება სახე, იწამლება კუჭ-ნაწლავი, იწყება თავბრუსხვევა და გულისრევა, დაგვიანებულმა ჰოსპიტალიზაციამ კი, შესაძლოა, ადამიანი სავალალო შედეგამდე მიიყვანოს – საბოლოოდ დაუქვეითოს ორიენტაციის უნარი”  – განმარტავს ”ფორტუნასთან” ექიმი-კოსმეტოლოგი ეკა შალიკიანი.

 

ე ვიტამინით ინტოქსიკაციის შემთხვევები ხშირია

კოსმეტოლოგების ინფორმაციით, ე ვიტამინით ტუჩის გადიდების შემთხვევები ხშირია. დაინტერესებულები ძირითადად თინეიჯერები არიან. უკუჩვენების გამოვლინება ყველა ადამიანში ინდივიდუალურია – ინტოქსიკაცია ზოგს იმავე დღეს ეწყება, ზოგს სამი დღის ან ერთი კვირის შემდეგ. ორგანიზმიდან ე ვიტამინის სრულად გამოსვლას კი შესაძლოა წლები დაჭირდეს.

”არ არსებობს ადამიანი, ვინც ე ვიტამინით ტუჩი გაიდიდა და კმაყოფილია. 100%-დან 80% სავალალოდ მთავრდება. ტუჩი არის დანეკროზებული და ქსოვილები დამწვარი. ასეთ დროს ადამიანი სასწრაფოდ უნდა დააწვინო საავამდყოფოში და სისხლი გადაუსხა” – ამბობს ეკა შალიკიანი.

 

 

კონტროლდება თუ არა სილამაზის სალონებში კოსმეტოლოგიური პროცედურები

”ფორტუნა” რამდენიმე სილამაზის სალონს დაუკავშირდა.

”ჩვენთან ტუჩის დაბერვა ე ვიტამინით არ ხდება” –  ყველასგან ერთნაირი პასუხი მივიღეთ, თუმცა ერთ-ერთი სალონის კარზე გაკეთებული წარწერა ”ე ვიტამინით ტუჩის დაბერვა 40 ლარად” და ინტოქსიკაციის ათეულობით შემთხვევა სულ სხვა სურათს გვაძლევს.

ვინ აკონტროლებს სილამაზის სალონებში უკანონო კოსმეტოლოგიურ პროცედურებს –  ”ფორტუნა” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, უწყებას ე ვიტამინით ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. სამინისტროს განმარტებით, სილამაზის სალონებში კოსმეტოლოგიური პროცედურები არ კონტროლდება.

                                                                                                        გვანცა ბზიავა

magti 5g