4 წლის ნინი დედას ერთ-ერთ კერძო ბაღში დაჰყავს. თავის დროზე მშობელმა ჩათვალა, რომ საჯარო ბაღთან შედარებით, კერძო ბაღში მისი შვილი უფრო უსაფრთხო გარემოში და უკეთეს პირობებში იქნებოდა, თუმცა, უსაფრთხოების ზომები რომ ყველა კერძო ბაღში ერთნაირად დაცული არ არის, ამას 4 წლის ნინის ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
„ერთ დღეს ბავშვს ბაღში ადრე მივაკითხე, ჯგუფში რომ შევედი, ბავშვები ოთახში მარტოები თამაშობდნენ. ბაღიდან წამოვიყვანე, მასწავლებელმა დაახლოებით ერთი საათის მერე შეამჩნია, რომ ბავშვი ბაღში არ იყო და პრეტენზიით დამირეკა, ბავშვი გაუფრთხილებლად რატომ წაიყვანეო,“ – იხსენებს „ფორტუნასთან“ მშობელი.
რა მოხდებოდა, ბავშვი, თავისი სურვილით, მარტო რომ წასულიყო ბაღიდან? კერძო ბაღებში ბავშვების უსაფრთხოებაზე, ჰიგიენასა და სხვა საკითხებზე პასუხს ვინ აგებს? – ნინის დედას კითხვები აქვს, მაგრამ პასუხები არა, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ორგანო, რომელიც კერძო ბაღებში ბავშვების უსაფრთხოების, განათლების, ჰიგიენის საკითხებს დაარეგულირებს.
ლაივ-კამერა – კონტროლის ერთადერთი მექანიზმი
ნინის მსგავსად, კერძო ბაღის აღსაზრდელია 3 წლის მართაც. მშობელმა კერძო ბაღს უპირატესობა ერთადერთი მიზეზით მიანიჭა – აქ აღსაზრდელების შედარებით მცირე რაოდენობაა. კონტროლის ერთადერთი მექანიზმი კი ბაღში დამონტაჟებული ლაივ-კამერაა. მისი მეშვეობით, მშობელი ყოველდღე ხედავს ბავშვი რას აკეთებს.
„არცერთი ორგანო კერძო ბაღებს არ აკონტროლებს,მშობლები საკუთარი თავის იმედზე ვართ. მე და ჩემი მეგობარი, რომელსაც იმავე ბაღში დაჰყავს ბავშვი, ბევრჯერ მოულოდნელად მივედით ბაღში და კვების რაციონი შევამოწმეთ,” – ამბობს „ფორტუნასთან“ მართას დედა.
გარდა ამისა, როგორც სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები მიუთითებენ, ბაღებში აუცილებელია სათანადოდ მოწყობილი ღია სივრცეების არსებობა, რათა ბავშვებს დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდათ. გარდა ამისა, უნდა იყოს ფიზიკური აქტივობებისთვის საჭირო მინიმალური სივრცეები და ცხადია, სათანადო საგანმანათლებლო პროგრამები.
მშობლები კი ამბობენ, რომ ხშირად ეს პირობები არ არსებობს, განსაკუთრებით კი ეზოების შემთხვევაში არის პრობლემები. მათი თქმით, ეზოები ან საერთოდ არა აქვთ, ან თუ აქვთ, არის ძალიან პატარა, ბალახის საფარის გარეშე და ბავშვებს ბეტონზე უწევთ თამაში.
კერძო ბაღების კონტროლი იწყება
დღეს კერძო ბაღის გასახსნელად მხოლოდ სურვილი და მცირე ფართიც საკმარისია, თუმცა მალე პრაქტიკა შეიცვლება. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა კერძო ბაღი ავტორიზაციას გაივლის. ავტორიზაციის მიღებისთვის ყურადღება 5 ძირითად საკითხზე გამახვილდება – სწავლის ხარისხი, დაწესებულების ინფრასტრუქტურული აღჭურვა, კვების სფეროს ორგანიზება, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას, თქმით, ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ან დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას ან საერთოდ დაიხურება.
”4 წელიწადში ერთხელ ავტორიზაციის გავლა მოუწევს, როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებს, თუმცა, კერძო ბაღებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არ გააკონტროლებს. კერძო ბაღებს კონტროლს ახალი სტრუქტურული ერთეული გაუწევს,” – განმარტავს ”ფორტუნასთან” თორდინავა.
კერძო ბაღების კონტროლისთვის თვითმმართველობებში ცალკე სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, მიუხედავად იმისა, რომ კერძო ბაღების კონტროლი რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს, არც თბილისის მერიას და არც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოს შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.
საჯარო და კერძო ბაღების ავტორიზაცია 2017 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება და ამავე წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.
რას ამბობენ კერძო ბაღები
კერძო ბაღებში „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მათთვის კონტროლი პრობლემა არ არის.
”პიტერ-პენის” ადმინისტრაციის თქმით, ბაღში ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.
”კერძო ბაღებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არ აკონტროლებს, მაგრამ ჩვენ მათ მითითებებს ვეცნობით და იმის მიხედვით ვხელმძღვანელობთ” – აღნიშნა ”პიტერ-პენის” ადმინისტრაციამ.
”პიტერ-პენისგან” განსხვავებით, ”ცეროდენას” ადმინისტრაციას ბავშვების აღზრდისა და განათლების საკუთარი მეთოდები აქვს და მათი თქმით, უკმაყოფილო არც მშობელი და არც ბავშვი არ ჰყავთ.
”კვებას, გასართობ ღონისძიებებს, სწავლის მეთოდებს – ამ ყველაფერს ჩვენ ვარეგულირებთ. ჩვენგან წასულ ბავშვებს ზოგადი განათლება თითქმის ყველა საგანში აქვთ. კონტროლის წინააღმდეგები ნამდვილად არ ვართ, რადგან არაფერს ვარღვევთ” – უთხრეს ”ფორტუნას” ბაღ ”ცეროდენაში”.
გვანცა ბზიავა